ახალი ამბები

თბილისი და ცხინვალი ერთმანეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინება, რომ 22 აპრილს, 20:30 საათზე რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან რამდენიმე მიმართულებიდან ცეცხლი გაუხსნეს გორის რაიონის ქართულ სოფელ ფლავს.

”სროლა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე წუთის განმავლობაში ხორციელდებოდა ქართული პოლიციის საგუშაგოს მიმართულებით,”- აცხადებს შსს.

იმავდროულად, ოსური მხარე ცეცხლის გახსნაში თბილისს ადანაშაულებს. სააგენტო ”რეს”-ი 23 აპრილს სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის შს მინისტრის მოადგილის იბრაგიმ გასეევის სიტყვებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან საქართველოს ტერიტორიიდან, კერძოდ კი სოფელ ფლავისმანიდან ისროდნენ ოსური სოფლის ორტევის მიმართულებით.

”ოსური მხარე პროვოკაციას არ წამოეგო და საპასუხო ცეცხლი არ გახსნა”, – აცხადებს გასეევი.

სროლების შესახებ ინფორმაცია წინ უძღვის ერგნეთში დღეს დაგეგმილ შეხვედრას, სადაც ქართული და სამხრეთ ოსური მხარეები, ასევე რუსული ძალების წარმომადგენლები ევროკავშირის და ეუთოს ხელშეწყობით ასეთ ფორმატში პირველად იკრიბებიან, რათა განიხილონ სასაზღვრო მიდამოებში ინციდენტების აღკვეთის მექანიზმები.

ჟენევის შეხვედრის მონაწილე მხარეები 18 თებერვალს შეთანხმდნენ ”ინციდენტების ერთობლივი აღკვეთისა და საპასუხო მექანიზმების წინადადებებზე”. ეს მექანიზმები მოიცავს ყოველკვირეულ ან თუ საჭირო გახდება უფრო ხშირ შეხვედრებს ”იმ სტრუქტურებს შორის, რომლებიც პასუხისმგებლები არიან უსაფრთხოებასა და საზოგადოებრივ წესრიგზე დაძაბულობის ზონებში და შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button