ახალი ამბები

ალასანია: საპროტესტო მუხტი იზრდება

მიმდინარე პროტესტის მუხტი კიდევ უფრო გაიზრდება და არ მინელდება, ვიდრე ქვეყანაში რეალური ცვლილებები არ განხორციელდება, განაცხადა ალიანსი საქართველოსთვის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ტელეკომპანია ”კავკასიაში” სტუმრობისას 21 აპრილის საღამოს.

შეკითხვაზე როგორი იქნება ოპოზიციის პასუხი, თუ ხელისუფლება კომპრომისის სახით საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას შესთავაზებს, ალასანიამ უპასუხა: ”დღეს იმ სიტუაციაში, როცა ჩვენი და საზოგადოების მოთხოვნები სრულიად იგნორირებულია და დიალოგზე ჩვენს შეთავაზებას ძალადობით პასუხობენ, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ბუნებრივად დგას დღის წესრიგში ერთადერთ საკითხად”.

”მაგრამ ჩვენ ასევე ვამბობთ, რომ მზად ვართ მოვუსმინოთ პრეზიდენტს, თუ როგორ წარმოუდგენია მას ამ კრიზისიდან შესაძლო გამოსავალი,”- განაგრძო მან, ”და ეს გზავნილი შესაბამისად უნდა შეფასებულიყო ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ მათ ამას იგნორირება გაუკეთეს”.

”ჩვენ პიროვნებების წინააღმდეგ არ ვიბრძვით; ჩვენი მიზანია შევცვალოთ არსებული სისტემა… და თუ ხელისუფლება გადადგამს რეალურ, კონკრეტულ ნაბიჯებს ამ მიმართულებით, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით ამას, რადგან ჩვენი მთავარი მიზანია სისტემის შეცვლა და ჭეშმარიტად დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნა”.

”რა თქმა უნდა, ნებისმიერი რეალური შემოთავაზება სისტემის შეცვლაზე  მისასალმებელია, მაგრამ სამწუხაროდ, საზოგადოება ვერ ხედავს გულწრფელობას დიალოგისკენ მათ მოწოდებაში… რაც ჩვენ გვესმის ხელისუფლებისაგან სხვა არაფერია თუ არა დიალოგის იმიტაცია,”- აღნიშნა მან.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ 21 მარტს ქართველ ხელოვანებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ხელისუფლება განწყობილია დემოკრატიული რეფორმების გასატარებლად და ის ფაქტი, რომ რადიკალური ოპოზიცია უარს ამბობს დიალოგში ჩართვაზე, არ უნდა გახდეს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების დამაბრკოლებელი ფაქტორი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button