skip to content
ახალი ამბები

მართლმადიდებელი ქრისტიანები აღდგომის დღესასწაულს ზეიმობენ

სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საზეიმო წირვა აღავლინა, რომელსაც საქართველოს ხელმძღვანელობაც დაესწრო.

”ეს არის დღესასწაული სიკეთის გამარჯვებისა ბოროტებაზე; ჩვენ ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ სიკეთე საქართველოს მხარესაა და საბოლოო ჯამში სიცრუე და ბოროტება დამარცხდება და საქართველო გამარჯვებას მოიპოვებს,” – განუცხადა სააკაშვილმა ჟურნალისტებს საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ.

საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში წირვას ასევე ესწრებოდა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნები.

იმავდროულად, ოპოზიციის რამდენიმე ლიდერმა მოძრაობდა ერთიანი საქართველოდან, კონსერვატორებიდან და ხალხის პარტიიდან კვირას პრეზიდენტის რეზიდენციის წინ საზეიმო სუფრა გაშალეს.

თავის სააღდგომო ეპისტოლეში ილია მეორემ მოუწოდა ხელისუფლებას ”საგადასახადო ამნისტია” გამოაცხადოს, რათა დაეხმაროს მცირე და საშუალო ბიზნესს მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე.

ეპისტოლე ასევე მოუწოდებს მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებისკენ, ”რის წინაპირობადაც უნდა იქცეს კულტურათა შორის დიალოგი; ერთმანეთის სულიერი, მეცნიერული და მატერიალური ფასეულობების წარმოჩენა ხელს შეუწყობს ჩვენს შორის არსებული სხვა საკითხების გადაწყვეტასაც”. 

"საერთოდ, სახელმწიფო უნდა განვითარდეს და მისი იდეოლოგიის განმსაზღვრელი უნდა იყოს არა გარე გეოპოლიტიკური ფაქტორები, არამედ ეროვნული ინტერესები. ამ ინტერესებს უმნიშვნელოვანესად უნდა მიიჩნევდეს როგორც ხელისუფლება, ისე პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და მასმედია. იგივე ითქმის ჩვენს თითოეულ მოქალაქეზეც,”-  ნათქვამია ეპისტოლეში. 

”რაც უნდა მძიმე იყოს ჩვენი მდგომარეობა, სულით არ უნდა დავეცეთ და სასოწარკვეთილებაში არ უნდა ჩავვარდეთ, რადგან ცალკეულ პიროვნებებსაც და ერსაც განსაცდელი ან რწმენაში განსამტკიცებლად ეძლევა, ან მცდარი გზიდან მოქცევისათვის,”- აცხედებს ილია მეორე, ”ჩვენს თავს მოწევნული განსაცდელი უმეტეს შემთხვევაში სწორედ მეორე მიზეზით იყო ხოლმე განპირობებული. ეს დღესაც ასეა. ბუნებრივია, პრობლემებიდან თავის დაღწევის საშუალებაც ჩვენს ხელთაა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა აკისრია, ამიტომაც ყველამ თავისი წილი შეცდომებისა უნდა გამოასწოროს”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button