skip to content
ახალი ამბები

სემნები: მხარეებს შორის ნდობა არ არსებობს

ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა პიტერ სემნებიმ განაცხადა, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ნდობის ნაკლებობა აფერხებს მოლაპარაკებების დაწყებას.

”ჩვენ და საქართველოს ყველა მეგობარი უპირატესობას ვანიჭებთ პოლიტიკურ პროცესს, მაგრამ ამას ნდობა სჭირდება,” – განუცხადა სემნებიმ ჟურნალისტებს ოპოზიციის ლიდერებთან 16 აპრილს გამართული შეხვედრების შემდეგ. 

”ეს, ჩემი აზრით, არის ის, რაც ყველაზე მეტად გვაკლია – ნდობა მხარეებს შორის, როგორც კი ეს ნდობა აღდგება, მე ვფიქრობ იქნება დიალოგის შესაძლებლობაც, დიალოგის, რომელიც ამ ქვეყანას ასე ძალიან სჭირდება,” – განაცხადა მან.

სემნების თქმით, აღდგომის დღესასწაული იქნება დრო არა მხოლოდ კონფრონტაციისგან დასასვენებლად, ”არამედ იმისათვის, რომ ყველა მხარემ მოიფიქროს, თუ როგორ წავიდეს წინ და მოიფიქროს, თუ როგორ შეიძლება მოგვარდეს პოლიტიკური საკითხები – კონსტიტუცია, საარჩევნო საკითხები და სხვა”.

”ეს არის ქვეყნის მომავლის საკითხი; ქვეყანა ერთად უნდა დადგეს და ერთიანი შეხედულება იქონიოს იმაზე, თუ როგორ იმართება ის,” – განაცხადა მან. ”კარგია, რომ წინ რამდენიმე დღე გვაქვს მშვიდობისა და დასვენებისთვის”.

მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირს აქვს ინფორმაცია ”სხვადასხვა წყაროებიდან” ოპოზიციის აქტივისტებზე და მხარდამჭერებზე თავდასხმების შესახებ.

”არის თუ არა ეს პირდაპირ კავშირში პოლიტიკურ კონფრონტაციასთან ან არის თუ არა ეს მზარდი დამნაშავეობის ნიშანი, რადგანაც პოლიცია იქ არ იმყოფება და ისინი სხვა რამით არიან დაკავებული – მე ეს არ ვიცი. მიუხედავად ამისა, ამგვარი შემთხვევების არსებობა ძალიან სერიოზულია და მათი გამოძიებაა საჭირო; და ასევე საჭიროა იმის განხილვა, თუ როგორ უნდა აღიკვეთოს ამგვარი შემთხვევები,” – განაცხადა სემნებიმ. 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button