skip to content
ახალი ამბები

ჟურნალისტებს პარლამენტში შესვლაზე შეზღუდვები დაუწესდა

პარლამენტი მუშაობის უპრეცედენტო რეჟიმზე გადადის და მოქალაქეებისათვის და ჟურნალისტებისათვის შენობაში შესვლაზე შეზღუდვებს ამ კვირაშიც განაგრძობს იმ საპროტესტო აქციების ფონზე, რომელიც პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით პარლამენტის წინ 9 აპრილიდან მიმდინარეობს.

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, რომელიც დღეს ჟურნალისტების დაუსწრებლად გაიმართა, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ გამოაცხადა ამ შეზღუდვების შესახებ, რომელიც მიმდინარე კვირაში დაგეგმილ საკომიტეტო მოსმენებზე გავრცელდება. ჟურნალისტებს პარლამენტის შენობაში შესვლაზე  9 აპრილიდან დაუწესდა შეზღუდვები. ბიუროს დღევანდელი სხდომის ჩანაწერი ტელევიზიებით პარლამენტის  პრესსამსახურის მეშვეობით გავრცელდა. რეგლამენტის მიხედვით, ბიუროს სხდომები, როგორც წესი საჯაროა.

”ამ აქციებმა ხელი დაატყო ბევრი სახელმწიფო სტრუქტურის მუშაობას,”- განაცხადა დავით ბაქრაძემ, ”მე ვფიქრობ, საზოგადოება ხედავს, რომ ჩვენი მცდელობაა და საზოგადოების მცდელობაა მინიმუმამდე დავიდეს ნებისმიერი ჩარევა და მინიმუმამდე დავიდეს ის შეხება, რომელიც მომიტინგეებს გააჩნიათ სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებთან, იქნება ეს პოლიცია, სახანძრო თუ ნებისმიერი სხვა ტიპის სამსახური, მათ შორის დასუფთავების სამსახურიც კი და ბუნებრივია, რომ პარლამენტიც ამის გათვალისწინებით გააგრძელებს თავის საქმიანობას”.  

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ეკა ზღულაძემ განაცხადა, რომ პოლიცია გააგრძელებს თავის ტაქტიკას დემონსტანტებთან დისტანცირების თაობაზე. მან აღნიშნა, რომ 11 აპრილს დემონსტაციის ადგილზე მომხდარი ინციდენტის დროს, რომ გამოძახების მიუხედავად, პატრული არ მივიდა შემთხვევის ადგილას, რადგან სიტუაციის დაძაბვას მოერიდა.

მსგავსი განცხადება გააკეთა 12 აპრილს თბილისის მერმა გიგი უგულავამ, რომელმაც აღნიშნა, რომ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც მერიის დაქვემდებარებაში არიან, რუსთაველის გამზირს არ დაასუფთავებენ პროვოკაციების თავიდან არიდების მიზნით. 

This post is also available in: English Русский

Back to top button