ახალი ამბები

ოპოზიცია აქციებთან ერთად შესაძლო მოლაპარაკებების საკითხსაც განიხილავს

მანიფესტაცია საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ’რუსთავი 2’-ის მიმართულებით. ფოტო: ინტერპრესნიუსი

საპროტესტო აქციების მეხუთე დღისთვის მზადებასთან ერთად, ოპოზიციის ლიდერების ერთი ნაწილი სულ უფრო ხშირად მოუწოდებს ხელისუფლებასთან დიალოგისკენ, მაშინ როცა სხვები ამას ეჭვის თვალით უყურებენ. შესაძლო შეხვედრის დღის წესრიგთან დაკავშირებული შეხედულებებიც გარკვეულწილად განსხვავდება.

პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციებში მონაწილე ოპოზიციურმა პარტიებმა დღეს განაცხადეს, რომ ისინი საპროტესტო აქციების ”ახალი ტალღის” დაწყებას უფრო ფართო გეოგრაფიულ არეალში გეგმავენ როგორც თბილისში, ისე რეგიონებში, რაც ასევე ითვალისწინებს სამთავრობო შენობების პიკეტირებას. ოპოზიცია პარლამენტის წინ აქციის დაწყებას დღეს 15:00 საათზე გეგმავს.

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ და პარტიის დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა 12 აპრილს, რომ მას პირადად არ აქვს სურვილი პრეზიდენტ სააკაშვილთან მოლაპარაკებებში მიიღოს მონაწილეობა.

”მე ძალიან კარგად ვიცი შესაძლებელია, თუ არა პრეზიდენტთან დიალოგი…არა, ეს შეუძლებელია,” – განაცხადა ბურჯანაძემ გადაცემაში ”პოლიტიკური კვირა” საუბრისას 12 აპრილს.

კითხვაზე ნიშნავს თუ არა მისი განცხადება იმას, რომ ის დიალოგის წინააღმდეგია, ბურჯანაძემ უპასუხა: ”ის, რასაც ჩვენ [ოპოზიციის ლიდერები] ვამბობთ, არის დიალოგი მხოლოდ ერთადერთ საკითხზე – თუმცა სიმართლე რომ გითხრათ, ამ ერთ საკითხზეც არ მინდა მასთან [სააკაშვილთან] საუბარი – როგორ უნდა წავიდეს საქართველოს პრეზიდენტი უმტკივნეულოდ და რაც შეიძლება სწრაფად”.

”ვისაც უნდა მასთან საუბარი, ელაპარაკოს… რაც შემეხება მე, მე დიდი სიამოვნებით ველაპარაკები მას პირდაპირ ეთერში გამართულ დებატებში,” – დასძინა მან.

ალიანსი საქართველოსთვის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ ის ყოველთვის მზადაა დიალოგისთვის.

”შეხვედრას ყოველთვის აქვს აზრი,” – განაცხადა მან გადაცემაში ”პოლიტიკური კვირა” საუბრისას 12 აპრილს. მან ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა ავტომატურად არ გამოიწვევს პრეზიდენტის გადადგომას, იგი ყოველთვის მზადაა შეხვედრისთვის და საკუთარი არგუმენტების განხილვისთვის.

კითხვაზე, თუ რა იქნება შეხვედრის თემა, ალასანიამ უპასუხა: ”ჩვენ გამოვხატავთ იმ ხალხის ნებას, რომელიც იქ [პარლამენტის წინ] არის შეკრებილი და ეს ნება განსაზღვრავს პოლიტიკურ დღის წესრიგს შემდეგნაირად: უნდა ჩატარდეს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები; ეს უნდა იყოს გამოსავალი კრიზისიდან. ჩვენ უნდა დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან ამ დღის წესრიგით; თუმცა, მეორე მხარის აზრსაც უნდა მოვუსმინოთ; ჩვენ მზად ვართ მათ მოვუსმინოთ, თუ როგორ ფიქრობენ კრიზისის გადალახვას”.

ცოტა ხნის წინ ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გმყრელიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ კონკრეტული ქმედებები უნდა განახორციელოს იმის საჩვენებლად, რომ ნამდვილად არის განწყობილი დემოკრატიული რეფორმებისთვის. მისი თქმით, ამგვარი ქმედებების ნაწილი შესაძლოა იყოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის შეცვლა; ასევე უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის კოტე კუბლაშვილის შეცვლა და ტელეკომპანია ”იმედის” დაბრუნება მისი კანონიერი მესაკუთრისთვის, ბადრი პატარკაციშვლის ოჯახისთვის.

ალასანიამ 12 აპრილს განაცხადა, რომ მისი პოლიტიკური პარტნიორის მიერ ჩამოთვლილი ეს საკითხები შესაძლოა იყოს იმ ”ცვლილებების პაკეტის” ნაწილი, რომელიც კრიზისის დასაძლევადაა საჭირო და რომელიც შესაძლოა განხილულ იქნას პრეზიდენტ სააკაშვილთან შესაძლოა შეხვედრის შემთხვევაში.

თუმცა, მან იქვე დასძინა: ”ნომერ პირველი საკითხი, რომელიც განიხილება არის, თუ როდის ჩატარდება ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები”.

ალასანიას თქმით, თუ ხელისუფლება ოპოზიციის ამ წინადადებებს უგულებელყოფს, ეს მხოლოდ კიდევ უფრო გააღრმავებს კრიზისს.

”მე დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც მომენტში დადგება საჭიროება იმ შეხვედრისა, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ,” – განაგრძო მან. ”ჩვენი პოლიტიკური, მშვიდობიანი ბრძოლა გაგრძელდება, სანამ არ შეიქმნება პირობები ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემისთვის და ამის ერთადერთი პირობა არის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები… თუ საზოგადოება სიმტკიცეს გამოიჩენს, ეს პროცესი ადრე თუ გვიან დამთავრდება. თუ ეს სიმტკიცე ახლა არ არსებობს – თუმცა მე მჯერა რომ არსებობს – მაშინ ეს პროცესი გაგრძელდება, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, საბოლოოდ ეს პროცესი მაინც დასრულდება”.

კითხვაზე ვინ შეიძლება მიიღოს მონაწილეობა შეხვედრაში ოპოზიციიდან, ალასანიამ უპასუხა, რომ დელეგაციის ჩამოყალიბება ”ტექნიკური საკითხია”, რაც პრობლემას არ წარმოადგენს. მან ასევე გაიმეორა, რომ შეხვედრა უნდა იყოს ”საჯარო”, რაც იმას ნიშნავს, რომ არა მხოლოდ პოლიტიკოსებმა, არამედ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმაც უნდა მიიღონ მასში მონაწილეობა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button