
სოხუმი ადმინისტრაციულ საზღვარს აძლიერებს
სეპარატისტული აფხაზეთის ხელისუფლებამ 8 აპრილს განაცხადა, რომ აფხაზური ძალები რეგიონში განთავსებულ რუსულ ჯარებთან ერთად აძლიერებენ ადმინისტრაციულ საზღვარს საქართველოსთან, იუწყება ”აფსნიპრესი”.
სეპარატისტული რეგიონის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი გადაიდგა ”ქართული მხრიდან გაზრდილი პროვოკაციების და სასაზღვრო ტერიტორიებზე ტერორისტული აქტების განხორციელების მცდელობის” საპასუხოდ.
”აფსნიპრესის” ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება ასევე განაპირობა საქართველოს სანაპირო დაცვის მიერ სოხუმიდან სტამბოლისკენ მიმავალი თურქული გემის დაკავებამ. საქართველოს შსს-მ 7 აპრილს განაცხადა, რომ თურქული ნავთობმზიდი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში იქნა დაკავებული ”აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის წესის დარღვევის ფაქტზე”.
აფხაზურმა მხარემ 8 აპრილს ასევე განაცხადა, რომ მისმა საარტილერიო ძალებმა დაიწყეს ერთ-კვირიანი წვრთნები ქვემო კოდორის ხეობაში გრადის ტიპის საარტილერიო სისტემების გამოყენებით.
იმავდროულად, დეპუტატმა მმართველი პარტიიდან აკაკი მინაშვილმა, რომელიც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს ხელმძღვანელობს, 8 აპრილს განაცხადა: ”იკვეთება გარკვეული მოძრაობა, გამოფხიზლება რუსულ არმიაში ამ დღეებთან [ოპოზიციის საპროტესტო აქციები] დაკავშირებით და ეს ბუნებრივია. ეს არის კიდევ ერთი გამოწვევა და წუხილი ჩვენი, რომელიც ყველამ ერთად უნდა დავძლიოთ, როგორც მმართველმა ძალამ, ასევე ოპოზიციამ – ქართველი ხალხის ერთიანობამ, რომ გარეშე მტერმა, ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა არ შეძლოს ჩვენი ქვეყნის დაპყრობა”.
This post is also available in: English Русский