skip to content
ახალი ამბები

”მაესტროზე” აქციების გრაფიკზე ვიდეორგოლი გადის

სტუდია ”მაესტრომ” დაიწყო მოკლე ვიდეორგოლების გაშვება, რომელშიც აცნობებს მოსახლეობას დაგეგმილი საპროტესტო აქციების სქემის შესახებ. აქცია, რომლის მთავარი მოთხოვნაც პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომაა, 9 აპრილს იწყება.

ვიდეორგოლის თანახმად, ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები შეკრებას თბილისის სამ სხვადასხვა ადგილას დაიწყებენ – ავლაბარში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ. შემდეგ ისინი ამ სამი ადგილიდან დაიძრებიან და ერთმანეთს დღის 2 საათზე პარლამენტის შენობასთან შეუერთდებიან.

ვიდეორგოლის მიხედვით, პარლამენტის წინ იმუშავებს პრესცენტრი ჟურნალისტებისთვის და ოპოზიციის ლიდერები თავიანთ გეგმებს მომიტინგეებს ყოველდღე 15:00 საათზე გააცნობენ. ვიდეორგოლის თანახმად, ოპოზიციამ ასევე აცნობა თბილისის მერიას, რომ აქციები შესაძლოა ასევე გაიმართოს სამი ტელეკომპანიის – საზოგადოებრივი მაუწყებლის, ”რუსთავი 2”-ის და ”იმედის” წინ, ასევე პრეზიდენტის რეზიდენციების წინ თბილისში და შავნაბადისკენ მიმავალ გზაზე.

ვიდეორგოლის თანახმად, აქციები პრეზიდენტის გადადგომამდე გაგრძელდება, რაც მხოლოდ სიმტკიცის და გამძლეობის გზით იქნება მიღწეული.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button