ახალი ამბები

სააკაშვილი: ნატოს კარი ღია რჩება საქართველოსთვის

პრეზიდენტმა სააკაშვილმა თბილისში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან ჯონ ტანერთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ნატოს ბოლო სამიტის დეკლარაცია იმის მანიშნებელია, რომ ალიანსის კარი ღია რჩება საქართველოსთვის.

”ჩვენ ნატოსთან ინტეგრაციის ისეთ გზაზე დადგომა მოვახერხეთ, რომელზეც დიდი ხანია ვოცნებობდით. სტრასბურგის სამიტის ბოლო გადაწყვეტილება, პრეზიდენტ ობამას, ასევე ახალი და ძველი გენერალური მდივნების განცხადებები, ოპტიმიზმის ძალიან სერიოზულ საფუძველს გვაძლევს,” – განაცხადა სააკაშვილმა. 

”რეალურად, თუკი ადრე მთავარი საკითხი იყო ის, მიიღებდა თუ არა საქართველო MAP-ს, ამ დოკუმენტებში დაფიქსირებულია, რომ საქართველოს გზა ნატო-სკენ გადის არა პირდაპირ MAP-ზე, არამედ ნატო-საქართველოს კომისიის მუშაობასა და ყოველწლიურ მოხსენებაზე, რომელსაც ეს კომისია გააკეთებს,” – განაგრძო მან.

სტრასბურგსა და კელში 4 აპრილს გამართული სამიტის შემდეგ, ნატო–ს წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა ერთობლივი განცხადება მიიღეს, რომელშიც ნათქვამია: ”იმის გათვალისწინებით, რომ არ დაზარალდება გადაწყვეტილება MAP–ის შესახებ, რომელიც უნდა იქნეს მიღებული, ყოველწლიური ეროვნული პროგრამა დაეხმარება უკრაინასა და საქართველოს რეფორმების წინ წაწევაში. ამ პროგრამის ყოველწლიური მიმოხილვა საშუალებას გვაძლევს, რომ საქართველოსა და უკრაინის რეფორმების პროგრესის დეტალური მონიტორინგი ვაწარმოოთ, იმ რეფორმების, რომლებიც მათ ნატო–ში მისწრაფებებს უკავშირდება”.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ  ცოტა ხნის წინ საქართველოში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილემ ჯეიმს კართრაითმა ჩამოიტანა სრულიად ახალი წინადადებათა პაკეტი, რომლის განხორციელება საქართველოს დაეხმარება შექმნას ხარისხობრივად სრულიად განსხვავებული, უფრო მაღალი დონის არმია.

”ეს არმია გამოადგება საქართველოს და ასევე თითოეულ ჩვენს მოკავშირეს”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ჯონ ტანერთან შეხვედრისას.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button