ახალი ამბები

ზურაბიშვილი ტელეკომპანია ”იმედზე” ამახვილებს ყურადღებას

”საქართველოს გზის” ლიდერი სალომე ზურაბიშვილი New York Times-ში 3 აპრილს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ აშშ-მ და ევროკავშირმა უნდა უბიძგონ საქართველოს რათა დემოკრატიის განვითარების კურს დაუბრუნდეს.

მისი თქმით, ამისთვის ”იდეალური საწყისი წერტილი” ტელეკომპანია ”იმედის” საქმე იქნებოდა.

”საქართველოს ხელისუფლებისგან იმის მოთხოვნა, რომ დაუბრუნოს ”იმედი” მის კანონიერ მფლობელებს, რითიც აღდგება მისი დამოუკიდებლობა და კვლავ გაისმება დაბალანსებული ჟურნალისტიკის ხმა, ნათელი სიგნალი იქნება იმისა, რომ აშშ-ის პოლიტიკა საქართველოში მიმართული იქნება იმ ძირითადი დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებისკენ, რისკენაც ჩვენ ასე მივილტვით,” – წერს ზურაბიშვილი.

ზურაბიშვილის პარტია იმ ოპოზიციურ პარტიებს შორისაა, რომლებიც პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით 9 აპრილს საპროტესტო აქციებს გეგმავენ. ამ პარტიებმა ცოტა ხნის წინ უარი თქვეს ხელისუფლების შემოთავაზებაზე დიალოგი გაემართათ ეკონომიკური, ეროვნული უსაფრთხოების და დემოკრატიული რეფორმების საკითხებზე. აქციების ორგანიზატორთა განცხადებით, ხელისუფლებამ პირველი ნაბიჯი უნდა გადადგას იმის დასადასტურებლად, რომ ეს მოწოდება მათი PR-კამპანიის ნაწილი არ არის; ზოგიერთი მათგანის ვარაუდით, ტელეკომპანია ”იმედის” კონტროლზე უარის თქმა შესაძლოა პირველი ასეთი ნაბიჯი გახდეს.

სტატიაში ზურაბიშვილი ასევე აცხადებს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის მმართველობის დროს საქართველო ”ავტორიტარული სახელმწიფო” გახდა, სადაც ადგილი აქვს ”მედიის თავისუფლების შეზღუდვებს, სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას და კერძო საკუთრების უფლების დარღვევას”.

”საქართველო არის ქვეყანა, სადაც ყველაფერი – ბიზნესით დაწყებული და სპორტით და კულტურით დამთავრებული – ხელისუფლების კონტროლს ექვემდებარება,” – წერს იგი.

”ბუშის ადმინისტრაციამ გარკვეული პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმაზე, რომ პრიორიტეტი მიანიჭა სტაბილურობას და თვალი დახუჭა სააკაშვილის ხელისუფლების მზარდ ავტორიტარულ ტენდენციებზე,” – განაგრძო მან, ”იმედი გვაქვს, რომ ობამას ადმინისტრაცია ისეთ პოზიციას დაიკავებს, რომელიც ასახავს ამერიკის პრინციპებს საქართველოში ნამდვილად დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების მხარდაჭერის კუთხით, ნაცვლად იმისა, რომ უბრალოდ მხარი დაუჭიროს ცალკეულ ლიდერებს”.

”მე მოვუწოდე საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარებისკენ, რომელიც იქნება თავისუფალი და სამართლიანი, რათა ხალხმა შეძლოს ნამდვილად დემოკრატიული საზოგადოების ხელახლა აშენება. თუმცა, ის რაც გვჭირდება არის უკომპრომოსო საერთაშორისო მხარდაჭერა დემოკრატიის ძირითადი ინსტიტუტების მიმართ, და არა მხოლოდ უცხოური მხარდაჭერა ცალკეული ლიდერების მიმართ. დემოკრატიას საქართველოში ახალი დასაწყისი და ჩვენი უცხოელი ჭეშმარიტი მეგობრების მხრიდან კი ახლებული მიდგომა სჭირდება,”- წერს ზურაბიშვილი სტატიაში/

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button