skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილი გამორიცხავს ”რუსულ სამხედრო ავანტიურას” ობამა-მედვედევის შეხვედრის შემდეგ

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის ”ძალიან კმაყოფილია” იმით, რომ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები ვერ შეთანხმდნენ საქართველოს საკითხზე ლონდონში 1 აპრილს გამართული შეხვედრის დროს.

შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში ბარაქ ობამამ და დიმიტრი მედვედევმა განაცხადეს: ”მართალია ჩვენ არ ვეთანხმებით ერთმანეთს გასული აგვისტოს სამხედრო მოქმედებების მიზეზებსა და მოვლენათა თანმიმდევრობაზე, მაგრამ ჩვენ შევთანხმდით, რომ უნდა გავაგრძელოთ დღეს არსებული არასტაბილური სიტუაციის მშვიდობიანი და გრძელვადიანი გადაწყვეტისკენ მიმართული მცდელობები”.

”მე ვარ ძალიან კმაყოფილი იმით, რომ გუშინ ობამა-მედვედევის შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც ვერ მოხდა შეთანხმება, დაფიქსირდა უთანხმოება სერიოზული და აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ რომელიც არის ძალიან მაღლა პრიორიტეტების სიაში, არის საქართველოს საკითხი და საქართველოს ოკუპაციის საკითხი,”- განაცხადა სააკაშვილმა.

მან ეს განცხადება გააკეთა ჟურნალისტებთან საუბრისას ბათუმში მაშინ, როდესაც მოინახულა ამერიკული სამხედრო ფრეგატი, რომელიც 31 მარტს სამი დღით შემოვიდა ქართულ პორტში.

”მე ამას აღვნიშნავ კმაყოფილებით იმის გამო, რომ რაღაც ილუზიები ვიღაცეებს ჰქონდათ რუსეთში, რომ მოხდებოდა საქართველოს გაყიდვა ამერიკის მიერ ავღანეთის სანაცვლოდ, იქ ირანთან რაღაც ურთიერთობების სანაცვლოდ – არაფერი მსგავსი არ მოხდა,”- განაგრძო სააკაშვილმა, ”ეს იყო – და მე მაქვს ინფორმაცია ვაშინგტონიდან – საქართველოს საკითხი იყო ძალიან  მნიშვნელოვან დონეზე დაყენებული ამ შეხვედრაზე”.

”ჩვენ გვაქვს დაპირებისამებრ ამ ადმინისტრაციის ძალიან მყარი მხარდაჭერა. იცით, რომ ორი დღის წინ იყო ამერიკელი გენერალი [აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე ჯეიმს კართრაითი] საქართველოში და ჩვენ გადავდივართ სტრატეგიული თანამშრომლობის ახალ ეტაპზე, რაც პრაქტიკულად ასევე გულისხმობს სრულიად ახალი დონის, პრაქტიკულად ახალი ქართული არმიის და შეიარაღებული ძალების შექმნას და ურთიერთობის განვითარებას ყველა სხვა სფეროში,”- განაცხადა სააკაშვილმა. 

”ჩვენ სხვა ალტერნატივა არ გვაქვს,”- განაგრძო მან, ”საქართველოს სჭირდება ძლიერი მოკავშირეები, საქართველოს სჭირდება შემდგომი განვითარება და  ჩვენ მეგობრებთან ერთად ხელის ჩაკიდება იმისათვის, რომ პრობლემები გამოირიცხოს”.

”ამ სიტუაციაში – განსაკუთრებით გუშინდელი ლონდონის შეხვედრის შემდეგ -მე პრაქტიკულად გამოვრიცხავ რუსულ რაიმე სახის შემდგომ სამხედრო ავანტიურებს საქართველოს მისამართით; და მეორე, რა თქმა უნდა საქართველო არ იქნება ბედნიერი მანამ, სანამ არ მოხდება საქართველოს დეოკუპაცია და საქართველოს ტერიტორიიდან არ გავა ბოლო დამპყრობელი ჯარისკაცი,”- აღნიშნა მან

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button