skip to content
ახალი ამბები

გივი თარგამაძე ნაკლებ საფრთხეს ხედავს აპრილის აქციებში

დეპუტატმა მმართველი პარტიიდან გივი თარგამაძემ განაცხადა, რომ 9 აპრილიდან დაგეგმილი საპროტესტო აქციები არ ქმნის დესტაბილიზაციის ისეთ საფრთხეს, როგორც ეს 2007 წლის ნოემბრის მოვლენების დროს იყო.

”მე ვიცი, რომ სახელმწიფო დაიცავს კანონს და წესრიგს; არა მგონია, რომ ამ აქციებს რაიმე სხვა განვითარება მოყვეს,” – განაცხადა პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, დეპუტატმა გივი თარგამაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა ”აქცენტებში” 1 აპრილს. 

კითხვაზე, თუ რა სხვაობაა 2007 წლის ნოებრის და დღევანდელ სიტუაციას შორის, თარგამაძემ უპასუხა: ”7 ნოემბერი იყო უკვე შარშან და ჩვენ იქიდან გამოვიტანეთ დასკვნები ბევრი მიმართულებით, მათ შორის იმ მიმართულებით, თუ როგორ უნდა შევხედოთ საზოგადოდ ასეთი ტიპის აქციებს”.

”მეორე მხრივ, ჩვენ 7 ნოემბერს გვქონდა ბევრად უფრო ძლიერი წინააღმდეგობის ცენტრი, რომელიც შეიცავდა პრაქტიკულად უშრეტ ფულის წყაროს, გამაგრებულს სატელევიზიო მხარდაჭერით და ეს ქმნიდა უკიდურეს დესტაბილიზაციის საფრთხეს ქვეყანაში,” – განაცხადა მან.

თარგამაძის თქმით, ახლა არ არსებობს ამგვარი ”უშრეტი ფულის წყარო”, ხოლო ”შავი ფულის შემოდინება” ქვეყანაში ”ასე თუ ისე კონტროლირებადი პროცესია”.

”ის თანხები, რომელიც მაინც შემოედინება, გარკვეულ საშიშროებას შეიცავს, მაგრამ ეს საფრთხე არ არის იმდენად მასშტაბური, რომელიც იყო 2007 წლის ნოემბერში,” – განაცხადა მან. 

კითხვაზე, თუ როგორ უპასუხებს ხელისუფლება დაგეგმილ აქციებს, თარგამაძემ უპასუხა: ”ჩვენ ვაპირებთ მტკიცე მოქმედებას, მაგრამ გადამეტებების გარეშე. შესაძლოა 7 ნოემბრის დროს იყო გარკვეული გადამეტეტები, მაგრამ მე ვერ ვიტყვი, რომ მთლიანად გადაწყვეტილება არ იყო გამართლებული. დღეს მე ვერ ვხედავ ისეთ საფრთხეს, რომ იყოს მიღებული ზუსტად ისეთივე ზომები [როგორც 2007 წლის ნოებერში].” 

მან ასევე განაცხადა, რომ რადიკალურ მოთხოვნებს მხარს ყველა ოპოზიციური პარტია არ უჭერს და დასძინა საპარლამენტო უმცირესობაზე მინიშნებით, რომ ხელისუფლება თანამშრომლობს იმ პარტიებთან, რომლებიც კონსტრუქციული დიალოგისთვის არიან განწყობილნი.

”რა შეიძლება შეცვალოს პოლიტიკური სპექტრის ამ ნაწილმა [რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომას ითხოვს ქუჩის აქციების გზით] ქვეყანაში? დიდი ვერაფერი, გამომდინარე იქიდან, რომ პირველ რიგში, მათი ერთადერთი მოთხოვნა გამოხატავს დღეს მათ საკუთარ ინტერესს და არა საზოგადოებრივს. ის, რაც აინტერესებს საზოგადოებას, დღემდე ამ პარტიებმა არ შესთავაზეს,” – განაცხადა თარგამაძემ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button