skip to content
ახალი ამბები

ოპოზიციის მხარდამჭერი ახალგაზრდული ჯგუფები აპრილის აქციების წინ კამპანიას აძლიერებენ

ოპოზიციის მხარდამჭერი ერთ-ერთი ახალგაზრდული ჯგუფი თბილისის ქუჩებში აკრავს პლაკატებს პრეზიდენტ სააკაშვილის და ამერიკელი მასაჟისტის ფოტოთი – ეს თემა ბოლო დროს საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა.

პოლიციამ 31 მარტს დააკავა ოპოზიციის მხარდამჭერი ახალგაზრდული ჯგუფის  – ”9 აპრილი” – ოთხი აქტივისტი, რომელთაც აქცია გამართეს თბილისში მდებარე იმ რესტორნის წინ, სადაც პრეზიდენტი სააკაშვილი სადილობდა. მოგვიანებით ისინი სასამართლომ გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც თითოეულ მათგანს 400 ლარის ჯარიმა დააკისრა.

ტელეკომპანია ”მაესტრომ” განაცხადა, რომ მის გადამღებ ჯგუფს, რომელიც რესტორნის გარეთ მიმდინარე აქციას იღებდა, სააკაშვილის დაცვის წევრებმა შეურაცხყოფა მიაყენეს. მათ ჩანაწერები წაართვეს ”მაესტროს” ჟურნალისტებს. იგივე ჯგუფის სხვა წევრები პარლამენტის წინ შეიკრიბნენ და მათი წარმომადგენლების დაკავება გააპროტესტეს. მათ ასევე შეუერთდა ოპოზიციური პარტიების რამოდენიმე ლიდერი.

”9 აპრილის” ჯგუფი ძირითადად იმ ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდა აქტივისტებისგან შეიქმნა, რომლებიც 9 აპრილს პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციას გეგმავენ. ჯგუფი, სხვა ახალგაზრდა  ოპოზიციურ ორგანიზაციებთან ერთად, აქტიურ კამპანიას აწარმოებს ბოლო კვირების მანძილზე ლოზუნგით ”შეცვალე”. ბოლო დროს ასევე გაჩნდა ოპოზიციის მხარდამჭერი კიდევ ერთი ჯგუფი, რომელიც აწარმოებს კამპანიას ლოზუნგით ”რატომ?”    

ჯგუფი თბილისის ქუჩებში პლაკატებს კიდებს, სადაც გამოსახულია პრეზიდენტი სააკაშვილი და ამერიკელი მასაჟისტი, ექიმი დოთი. ეს სურათი მასაჟისტის ბლოგზე იქნა განთავსებული, სადაც ის თავის ”საყვარელ კლიენტზე” პრეზიდენტ სააკაშვილზე წერდა. ეს თემა ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც მის შესახებ ქართულმა ყვითელმა პრესამ დაწერა და ტელეკომპანიებმა ”მაესტრომ” და ”კავკასიამ” გააშუქეს.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button