ახალი ამბები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გმობს აფეთქებას პოლიციელის მსხვერპლით

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან კვირას მომხდარი აფეთქება, რომელსაც ერთი პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა, ”ძლიერ შემაშფოთებელია”, რამაც ”შესაძლოა კიდევ უფრო გაზარდოს დაძაბულობა”, განაცხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში.

ევროპელმა მონიტორებმა დაადასტურეს საქართველოს შსს-ის ცნობები და განაცხადეს, რომ 29 მარტს დაახლოებით 9 საათზე სოფელ დვანის ჩრდილოეთით, ადმინისტრაციული საზღვრის უშუალო სიახლოვეს მოხდა აფეთქება, რომელშიც მოყვა პოლიციის მანქანა, სადაც ხუთი ქართველი სამართალდამცავი იმყოფებოდა.  აფეთქების შედეგად ერთი პოლიციელი დაიღუპა, დანარჩენი ოთხი კი დაიჭრა. მეორე აფეთქება მოხდა იქვე, როცა შემთხვევის ადგილას მაშველი ჯგუფი მივიდა, შედეგად კიდევ ორი პოლიციელი დაიჭრა.

ევროკავშირის დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელის ჰანსიორგ ჰაბერის თქმით, წინასწარი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ პირველი აფეთქება გამოიწვია ე.წ. ხაფანგის ტიპის ნაღმმა, როდესაც აფეთქება ხდება მოძრავი ობიექტის მიერ ნაღმზე მიმაგრებული და გზის გადაღმა გადაჭიმულ მავრთულზე გადავლისას.  

”შესაბამისად, თავდამსხმელები არ განასხვავებდნენ თუ ვინ იქნებოდა პოტენციური მსხვერპლი, რადგან ნებისმიერი მანქანა შეიძლებოდა დაშავებულიყო,” – განაცხადა მან. ”შემაძრწუნებელია ის ფაქტი, რომ მეორე აფეთქება მიზანმიმართულად განხორციელდა იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც პირველი აფეთქების შედეგად დაშავებულების დასახმარებლად მიდიოდნენ”. 

”მოცემული თავდასხმა, როდესაც პოლიციელიები თავიანთ კანონიერ მოვალეობებს ასრულებდნენ, სარკოზი-მედვედევის შეთანხმების სრულიად მიუღებელი დარღვევაა. იმედი გვაქვს, რომ ინციდენტი  სრულყოფილად იქნება გამოძიებული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეზე და დამნაშავენი სათანადოდ დაისჯებიან,” – დასძინა მან.

მისიამ ასევე განაცხადა, რომ ადმინისტრაციული საზღვრის ქართულ მხარეს მდებარე სოფელი დვანი უამრავჯერ ყოფილა ინციდენტების ადგილი.

”დღევანდელ შემთხვევასაც შეუძლია უფრო გაზარდოს დაძაბულობა. შესაბამისად, მგავსი ინციდენტების აღკვეთისა და დაძაბულობის შესამცირებლად, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ჟენევის მოლაპარაკებების ბოლო რაუნდზე მიღებული ინციდენტების პრევენციის მექანიზმის სწრაფი ამოქმედება,” – ნათქვამია მისიის განცხადებაში.

ამ ბოლო ინციდენტის ჩათვლით, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ადმინსტაციული საზღვრების სიახლოვეს მოკლული ქართველი პოლიციელების რაოდენობა თორმეტამდე გაიზარდა აგვისტოს ომის შემდეგ.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button