
სტატისტიკის შესახებ კანონი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო
დღეს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო სტატისტიკის შესახებ კანონი, რომელიც მიზნად ისახავს შესაბამისი სამსახურის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას, სტატისტიკური მონაცემების ხარისხის და მათ მიმართ ნდობის ამაღლებას.
სტატისტიკის სისტემის რეფორმა, რომელიც დეკემბრიდან მზადდებოდა, განაპირობა სტატისტიკური მონაცემებისადმი საზოგადოების დაბალმა ნდობამ.
კანონპროექტის მიხედვით, სტატისტიკის დეპარტამენტი გამოვა ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებიდან და ჩამოყალიბდება დამოუკიდებელ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად სახელწოდებით – ”საქსტატი”.
ამ უწყების მმართველი რგოლი იქნება 8-წევრიანი სამეთვალყურეო საბჭო, აქედან ორი წევრი იქნებიან ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები ან მათი მოადგილეები; მესამე – ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ან ვიცე-პრეზიდენტი; ხოლო 5 წევრს – ”დამოუკიდებელ ექსპერტებს” – პრეზიდენტი პარლამენტის თანხმობით დანიშნავს. ამ ხუთ ვაკანტურ თანამდებობაზე პრეზიდენტი 2-2 კანდიდატურას წარუდგენს დეპუტატებს ასარჩევად.
”მნიშვნელოვანია, რომ დამოუკიდებელ წევრებს საბჭოში აქვთ უმრავლესობა ანუ 8-დან 5 პიროვნება არის დამოუკიდებელი, რომელთაგან ერთ-ერთი აირჩევა საბჭოს ხელმძღვანელად,”- განაცხადა თამარ კოვზირიძემ, საგარეო ურთიერთობათა საკითხებში პრემიერ–მინისტრის მრჩეველთა ჯგუფის უფროსმა პარლამენტის სხდომაზე კანონპროექტის წარდგენისას.
თუმცა დეპუტატმა გიორგი ახვლედიანმა ქრისტიან-დემოკრატებიდან კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა მმართველი საბჭოს დამოუკიდებლობის საკითხი, რადგან მისი თქმით, პრეზიდენტის დამტკიცებული ხუთი წევრი ვერ იქნება თავისუფალი არსებული პოლიტიკური კონიუქტურის გათვალისწინებით.
გარდა ამისა, ”საქსტატს” ეყოლება დამოუკიდებელი ექსპერტებისგან დაკომპექტებული ტექნიკური კომიტეტი, რომლის ძირითადი ფუნქცია იქნება თანამედროვე სტატისტიკური მეთოდოლოგიების დანერგვა, განაცხადა კოვზირიძემ.
”საქსტატს”, კანონპროექტის მიხედვით, დაფინანსების სამი წყარო ექნება: სახელმწიფო ბიუჯეტი, მომსახურებით გაწეული და დონორი ორგანიზაციებისგან მიღებული შემოსავლები. სახელმწიფო სახსრებს ეს სტრუქტურა მთავრობასთან გაფორმებული სამწლიანი ხელშეკრულების საფუძველზე მიიღებს, სადაც ასევე იქნება ასახული გამოსაკვლევი სტატისტიკური მონაცემების ნუსხა.
თუმცა, კანონპროექტის მიხედვით, სავალდებულო ხასიათი არ ექნება ”საქსტატისთვის” მონაცემების მიწოდებას და ინფორმაციის მოპოვება მიმწოდებლის კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული. ”ამ თვალსაზრისით ვინარჩუნებთ დღეს მოქმედ მოდელს,”- განაცხადა კოვზირიძემ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)