skip to content
ახალი ამბები

გორდონი აშშ-რუსეთის ურთიერთობებზე საუბრობს

აშშ-ის ურთიერთობები რუსეთთან ”მნიშვნელოვნად გაუარესდა” ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე მთელ რიგ საკითხებთან მიმართებაში, მათ შორის ”ორი სეპარატისტული რეგიონის გაუმართლებელი აღიარების” გამო, განაცხადა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მომავალმა მოადგილემ ფილიპ გორდონმა 26 მარტს.

ახალ თანამდებობაზე მის წარდგენასთან დაკავშირებით სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე საუბრისას გორდონმა განაცხადა, რომ ”უნდა გაგძელდეს” დასავლური ინსტიტუტების, როგორიცაა ევროკავშირი და ნატო, გახსნილობა.

”მშვიდობიანი, ერთიანი და დემოკრატიული ევროპის მხარდაჭერისას, ჩვენ – ევროკავშირთან, ნატოსთან და ეუთოსთან მუშაობის გარდა – მხარი უნდა დავუჭიროთ ყველა ევროპული სახელმწიფოს სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას, მათ შორის იმ სახელმწიფოებს, რომლებიც ყოფილი საბჭოთა კავშირიდან წარმოიშვა,” – განაცხადა გორდონმა.

”ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილედ ჩემი დამტკიცების შემთხვევაში, მზად ვარ აქტიურად ჩავერთო მთელი რეგიონის მასშტაბით, რათა დავეხმარო დემოკრატიის ხელშეწყობას, ეკონომიკური რეფორმის სტიმულირებას, ეროვნული სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას და ხანგრძლივი კონფლიქტების მოგვარებას, რაც იწვევს უსარგებლო ყოველდღიურ  პრობლემებს – როგორც ჩვენ ეს საქართველოში ვიხილეთ შარშან ზაფხულში – და რისკს, რომელიც ძალადობრივად წარმოიშვება ნებისმიერ დროს,” – განაცხადა მან.

ფილიპ გორდონმა, რომელიც ბარაქ ობამას საპრეზიდენტო კამპანიის დროს მისი ერთ-ერთი მრჩეველი იყო საგარეო პოლიტიკის საკითხებში, განაცხადა, რომ პრეზიდენტი ობამა ”უარყოფს იმ შეხედულებას, რომ აშშ-ს და რუსეთს შორის ურთიერთობები არის ”ნულოვანი ჯამის მქონე თამაში” და მიაჩნია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს და რუსეთს ბევრი საერთო მიზანი აქვთ მსოფლიოში”.

”ამავე დროს, ჩვენ უნდა გავაგებინოთ რუსებს – და ჩვენს მოკავშირეებს ევროპაში – რომ ჩვენი სურვილი, რომ გავაუმჯობესოთ აშშ-რუსეთის ურთიერთობების ტონი და არსი სულაც არ მიანიშნებს ჩვენს სურვილზე უარი ვთქვათ ჩვენს პრინციპებზე,” – განაგრძო მან, ”როგორც ვიცე-პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა თავის გამოსვლაში მიუნჰენში თებერვალში გამართულ უსაფრთხოების კონფერენციაზე და რასაც მან უწოდა ახალი ეტაპი ჩვენს ურთიერთობებში, ამერიკის შეერთებული შტატები არ ცნობს რუსეთის გავლენის სფეროს ევროპაში, და ჩვენი შეხედულება კვლავ ძალაშია, რომ სუვერენულ სახელმწიფოებს აქვთ უფლება თავად მიიღონ გადაწყვეტილებები და თავად აირჩიონ ალიანსები”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button