ახალი ამბები

კარასინი მორელს შეხვდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი 26 მარტს მოსკოვში საქართველოს კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს პიერ მორელს შეხვდა, სადაც ჟენევის პროცესის თაობაზე იმსჯელეს.

რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, კარასინმა ევროკავშირის მხარეს გადასცა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს იმ წარმომადგენელთა მონაცემები, ”რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმდებარე ზონებში ინციდენტების აღკვეთისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ამუშავებაში.”

მხარეები ინციდენტების აღკვეთის მექანიზმების შესახებ 17-18 თებერვალში ჟენევის კონსულტაციების მეოთხე რაუნდზე შეთანხმდნენ. ეს მექანიზმები მოიცავს ყოველკვირეულ ან თუ საჭირო გახდება უფრო ხშირ შეხვედრებს ”იმ სტრუქტურებს შორის, რომლებიც პასუხისმგებლები არიან უსაფრთხოებასა და საზოგადოებრივ წესრიგზე დაძაბულობის ზონებში და შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით”. მხარეები ასევე შეთანხმდნენ შესაძლო ერთობლივ ვიზიტზე დაძაბულობის კერებში და 24-საათიანი ცხელი ხაზის ამოქმედებაზე. შეთანხმებული დოკუმენტი არ არის თვითგანხორციელებადი დოკუმენტი და მისი შესრულება მხოლოდ მხარეთა კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. ცოტა ხნის წინ თბილისმა მოსკოვი და ცხინვალი სწორედ ამ ნების არ არსებობაში დაადანაშაულა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button