ახალი ამბები

ბურჯანაძის პარტიის აქტივისტები დააპატიმრეს

ნინო ბურჯანაძის პარტიის – დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის – ცხრა აქტივისტი დღეს ღამით თბილისში და ბათუმში დააპატიმრეს, განაცხადა პარტიამ 23 მარტს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ოფიციალური განცხადება მოგვიანებით გაკეთდება.

პარტიის ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი ზურაბ ავალიანი და იგივე ოფისის კიდევ ორი წარმომადგენელი, ნუგზარ გოგრიჭიძე და დავით გოგრაჭაძე ბათუმში დააპატიმრეს.

პარტიის ახალგაზრდული ფრთის ხუთი აქტივისტი – ვახტანგ ნარსია, როინ ბუღაშვილი, ვახტანგ თუშმალაშვილი, და კიდევ ორი ადამიანი ერთნაირი სახელით და გვარით – გიორგი ბოლაშვილი – თბილისში დააპატიმრეს; თბილისში ასევე დააპატიმრეს მამუკა შენგელია, რომელიც სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსის და ბურჯანაძის მეუღლის ბადრი ბიწაძის მძღოლია.

პარტიის აქტივისტებმა განაცხადეს, რომ პოლიციამ ზურაბ ავალიანის დ ნუგზარ გოგრიჭიძის სახლებში ”იარაღი ჩაუდო”, რასაც მათი ვარაუდით, მოყვება საქმის აღძვრა იარაღის უკანონო შენახვის მუხლით. პარტიის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა თბილისის ოფისიდან განაცხადეს, რომ მათ არ აქვთ ინფორმაცია მათი აქტივისტების წინააღმდეგ საქმის აღძვრის თაობაზე, თუმცა გამოთქვეს ვარაუდები, რომ საქმე იარაღის უკანონო შენახვის ფაქტზე აღიძვრება.   

ბადრი ბიწაძემ, რომელიც 2008 წლის ოქტომბერში სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ მისი მეუღლის პარტიაში შევიდა, განაცხადა 23 მარტს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა აცნობა მას შუამავლების საშუალებით, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა მისი დაპატიმრება დაავალა.   

”ის [მერაბიშვილი] ვეღარ ეწინააღმდეგება და მთხოვა, რომ იქნებ როგორმე ”კეთილი სურვილებით” დავტოვო საქართველო ერთი თვით. მე არსად წასვლას არ ვაპირებ, ველოდები როდის დამაკავებენ,” – განუცხადა ბიწაძემ ჟურნალისტებს.

სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელის პოსტზე ყოფნის დროს ბიწაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობასაც ითავსებდა.

თვის დასაწყისში ქართული გაზეთი ”ალია” იტყობინებოდა, რომ ბურჯანაძის ბადრი ბიწაძე შეიარაღებული ჯგუფების ჩამოყალიბებას გეგმავდა. ამ ინფორმაციას 10 მარტს ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-მა საინფორმაციო სიუჟეტი მიუძღვნა. მაშინ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ეს იყო ხელისუფლების ”ბინძური კამპანია” მისი პარტიის წინააღმდეგ.   
 
23 მარტს ბურჯანაძემ მისი პარტიის წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებს ”ტერორი” უწოდა და განაცხადა, რომ მომხდარზე უკვე აცნობა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს.

”არ გაგიკვირდეთ, რომ დღეს ან ხვალ ჩემს ჯიბეში აღმოაჩინონ ნარკოტიკული ნივთიერება, ჩემს სახლში აღმოაჩინოთ ატომური იარაღი თუ არა ქიმიური იარაღი მაინც,”- განაცხადა მან საგანგებო ბრიფინგზე, ”იმ შემთხვევაში, თუ ვინმე გადაწყვეტს ამ ოფისში, ან ჩემს საცხოვრებელ სახლში აღმოაჩინოს ნარკოტიკები ან შეიარაღება ეს გააკეთოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ჟურნალისტების თანხლებით”.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button