ახალი ამბები

კონსერვატორი ლიდერები გერმანიაში ოქრუაშვილს შეხვდნენ

კონსერვატიული პარტიის ლიდერები ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა გერმანიას სტუმრობენ, სადაც დევნილობაში მყოფ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის ლიდერს ირაკლი ოქრუაშვილს და მის მეგობარ, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს შეხვდნენ.

”მხარეთა განცხადებით ჩამოყალიბდა ერთიანი ხედვა 9 აპრილის აქციის ორგანიზებასა და სააკაშვილის შემდგომ პერიოდის პოლიტიკურ მოწყობასთან დაკავშირებით,”- აცხადებს კონსერვატიული პარტია 19 მარტს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა გერმანიაში დევნილობაში მყოფი სატყეო დეპარტამენტის ყოფილი უფროსი და აწ უკვე კონსერვატიული პარტიის წევრი ბიძინა გიორგობიანი, რომელიც უხელმძღვანელებს თბილისის პარალელურად ევროპაში დაგეგმილ 9 აპრილის აქციას.

იმავდროულად, კონსერვატიულმა პარტიამ გაავრცელა ცალკე განცხადება, სადაც კატეგორიულად აუკრძალა თენგიზ კიტოვანს ”არც კი გაბედოს” 9 აპრილის აქციაზე მისვლა.

კიტოვანი, რომელიც ზვიად გამსახურდიას მთავრობის შეიარაღებული გზით დამხობის ერთ-ერთი შემსრულებელი იყო, 13 მარტს ”რუსთავი 2”-ის თოქ-შოუში ”პოზიცია” პირდაპირი ჩართვისას განაცხადა, რომ ის მიესალმება ოპოზიციურ მოძრაობას და 9 აპრილს აქციაზე მისვლას აპირებს. ”რუსთავი 2”-მა განაცხადა, რომ კიტოვანი მოსკოვიდან საუბრობდა, სადაც ის ბოლო წლებში ცხოვრობს.

”მაშინ, როდესაც ხელისუფლების ”ჯიბის ტელევიზიებმა” ოპოზიციის ლიდერებს არაერთხელ დაუბლოკა საეთერო დრო, რატომღაც სიამოვნებით და თავისუფლად ჩართეს პირდაპირ ეთერში კრიმინალური ბიოგრაფიის მქონე, რუსეთის სპეცაგენტი თენგიზ კიტოვანი. რაც აშკარად ადასტურებს, რომ საქართველოს და რუსეთის სპეცსამსახურები სინქრონულ რეჟიმში ამუშავებენ ოპოზიციის დისკრედიტაციის გეგმას,”- აცხადებს კონსერვატიული პარტია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button