skip to content
ახალი ამბები

”ყაზტრანსგაზ-თბილისს” სპეციალური მმართველი დაუნიშნეს

თბილისის გაზგამანაწილებელ კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისში" 16 მარტს სპეციალური მმართველი დანიშნა საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ.

კომისიის ცნობით, ამ ღონისძიების გატარება იმის გამო გახდა საჭირო, რომ კომპანიას 80 მილიონ ლარზე მეტი კრედიტორული დავალიანება დაუგროვდა, მათ შორის 68 მილიონი ლარი საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიმართ, მიღებული ბუნებრივი გაზისათვის.

სპეციალური მმართველი – თემურ კოპალიანი –  კომპანიაში ფინანსური მდგომარეობის გამოსწორებამდე და მიწოდებული გაზის საფასურის ანაზღაურებამდე იმუშავებს.

”იგი განახორციელებს კომპანიის მხოლოდ დროებით მენეჯმენტს,”- განაცხადა მარეგულირებელი  კომისიის თავმჯდომარემ გურამ ჩალაგაშვილმა, ”ყაზტრანსგაზი-თბილისის" აქციათა პაკეტი  და უძრავი აქტივები კომპანიის მფლობელის საკუთრებაში დარჩება”.

”ყატრანსგაზ-თბილისის” მფლობელი 2005 წლის დეკემბრიდან არის ყაზახური სახელმწიფო კომპანია KazMunaiGas-ი, რომელმაც ოქტომბერში განაცხადა, რომ განიხილავს კომპანიის გაყიდვის შესაძლებლობას და ამის მიზეზად ფინანსური პრობლემები დაასახელა.

ამ გეგმების გახმოვანებამდე, ყაზახურმა მხარემ აგვისტოს ომის შემდგომი დაძაბულობის  მოტივით უარი განაცხადა ფოთში ხორბლის ტერმინალის აშენების გეგმებზე; და ასევე ეკონომიკური მიზანშეუწონლობის მოტივით უარი თქვა ბათუმში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის 1 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button