ახალი ამბები

შსს: პოლიციის მანქანა აქციის მონაწილეებმა ააფეთქეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაცვის პოლიციის კუთვნილი მანქანის 13 მარტს გვიან ღამით აფეთქებაში, რიყესა და რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეები დაადანაშაულა.

”13 მარტს რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის მიერ გამართული აქციის დამთავრების შემდეგ, აქციის მონაწილეებმა ძველი თბილისის რაიონის დაცვის პოლიციის შენობასთან ხელყუმბარა ესროლეს დაცვის პოლიციის ავტომანქანას, რის შედეგადაც ავტომანქანა მთლიანად დაზიანდა და დაიწვა. შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტიკური სამსახურის მიერ ჩატარებული იქნა შესაბამისი სამუშაოები, რის შედეგადაც დადგენილია,  რომ გამოყენებულია  ”ერ-გე-დე”-ს ტიპის ხელყუმბარა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიმდინარეობს თვითმხილველთა და  მოწმეთა დაკითხვა,” – ნათქვამია 14 მარტს შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ინციდენტის ადგილის სიახლოვეს, თაბუკაშვილის ქუჩაზე, მდებარეობს ნინო ბურჯანაძის პარტიის – “დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს” – ოფისი.

პარტიის მიერ 14 მარტს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აფეთქება დაახლოებით 23:30 საათზე მოხდა.

”აფეთქება მოხდა დაახლოებით 5-10 წუთის შემდეგ, რაც პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები რიყეზე გამართული აქცია-კონცერტიდან ოფისში დაბრუნდნენ.” ნათქვამია განცხადებაში. “დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს” წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ აღნიშნული ინციდენტი პოლიტიკურ პროვოკაციას არ ემსახურება და გამოძიება აფეთქების მიზეზებს დაადგენს.”

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button