
კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ მაუწყებლობის ქცევის კოდექსი მიიღო
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 12 მარტს მაუწყებელთა ქცევის კოდექსი მიიღო, რომელიც საქართველოში მოქმედ ყველა მაუწყებელს ავალდებულებს იმუშაოს ღიად და დაბალანსებულად, დაიცვას თანასწორობის, მიუკერძოებლობის და შემწყნარებლობის პრინციპები.
”კოდექსის მიზანია, ყველა სახის მაუწყებელი, განსაკუთრებით კი საზოგადოებრივი მაუწყებელი, თანაბარი პასუხისმგებლობით მოეკიდოს პროფესიული ეთიკის ნორმების დაცვასა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებას, რაც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ზნეობისა და ადამიანური ღირებულებების დასაცავად, საზოგადოებრივი თანხმობისა და ტოლერანტობის განსამტკიცებლად,” – ნათქვამია ქცევის კოდექსში.
სამართლებრივი, 40 გვერდიანი დოკუმენტი, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის მოვალეობის შემსრულებლებმა მიიღეს ერთი დღით ადრე, ვიდრე პარლამენტი 13 მარტს კომისიის ახალ შემადგენლობას დაამტკიცებს.
ქვემოთ მოყვანილია იმ პირობათაგან ზოგი, რომელიც მაუწყებლებმა უნდა შეასრულონ:
- უზრუნველყოს ინფორმაციის წყაროს და ფაქტების სიზუსტე;
- მიაწოდოს აუდიტორიას სანდო და ზუსტი ინფორმაცია, არ დაუშვას ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება;
- აუდიტორიის შეცდომაში შეყვანის თავიდან აცილების მიზნით მაუწყებელმა თავი უნდა შეიკავოს ახალ ამბებსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებში დადგმებისა და ინსცენირების გამოყენებისგან, ან ნათლად უნდა განმარტოს, რომ ეს არის დადგმა ან ინსცენირება;
- მაუწყებელმა უნდა მოახდინოს ინფორმაციის წყაროს იდენტიფიცირება. ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ინფორმაციის გაშუქების შემთხვევაში, მაუწყებელმა ნათლად უნდა მიუთითოს წყაროს ანონიმურობის შესახებ; მაუწყებელი არ უნდა დაეყრდნოს ინფორმაციის მხოლოდ ერთ წყაროს და სხვა წყაროებიდანაც უნდა მოიძიოს ინფორმაცია;
- ინფორმაციის მნიშვნელობიდან გამომდინარე, უნდა დაზუსტდეს მისი წარმომავლობა და სიზუსტე – თუ შეუძლებელია ინფორმაციის სისწორის, უტყუარობისა და წარმომავლობის დაზუსტება, მაუწყებელმა უნდა აღნიშნოს, რომ ინფორმაცია დაუზუსტებელია;
- კონფიდენციალური ინფორმაციის გადაცემისას, მაუწყებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ინფორმაციის გავრცელებამ შესაძლოა დაარღვიოს პირის კომერციული ან პირადი საიდუმლოების უფლება;
- ინტერვიუების, ჩაწერილი მასალის, მათ შორის საარქივო მასალის რედაქტირებისას, მაუწყებელმა არ უნდა დაამახინჯოს რესპონდენტის ციტატა, ან არ უნდა მოახდინოს სხვა სახით აუდიტორიის შეცდომაში შეყვანა ვიზუალური ან აუდიო მანიპულაციებით, დასმული კითხვების მნიშვნელობის შეცვლით ან კონტექსტიდან ამოვარდნილი კადრების გამოყენებით;
- აუდიტორიის შეცდომაში შეყვანის თავიდან აცილების მიზნით მაუწყებელმა თავი უნდა შეიკავოს ახალი ამბების გაშუქებისას იუმორის, ირონიის ან სატირის გამოყენებისგან, ან ნათლად განმარტოს მათი მნიშვნელობა;
- პოლიტიკური, ნებისმიერი სახის დაპირისპირების ამსახველი ან მიმდინარე საჯარო პოლიტიკის საკითხები, რომლებზეც მიმდინარეობს დებატები, არ უნდა შუქდებოდეს მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე;
- დაუშვებელია პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი პოზიციის გამოხატვა;
- პოლიტიკური ან სხვა სახის დავის გაშუქებისას, მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს გადაცემების ციკლის განმავლობაში ბალანსის დაცვა;
- მაუწყებელი ვალდებულია ერთმანეთისაგან მკაფიოდ გამიჯნოს ფაქტი და კომენტარი. თავიდან უნდა იყოს აცილებული მოსაზრებათა ცალმხრივი ინტერპრეტაცია;
- სადავო საკითხებთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი მოსაზრება უნდა გაშუქდეს დროის ისეთ მონაკვეთში, როდესაც საკითხი აქტუალურია;
- პირდაპირი ეთერის დროს, მაუწყებელმა უნდა მიიღოს ყველა გონივრული ზომა მიუკერძოებლობის პრინციპის უზრუნველსაყოფად და დროულად აღმოფხვრას ნებისმიერი დარღვევა.
მაუწყებლობის შესახებ კანონის თანახმად, ქცევის კოდექსი 2009 წლის 1 იანვრამდე უნდა ყოფილიყო მიღებული მას შემდეგ, რაც კოდექსის ირგვლივ აზრთა სხვადასხვაობის გამო მისი მიღების ვადა კანონით ორჯერ იქნა გადაწეული.
მაუწყებლობის შესახებ კანონის მიხედვით, მაუწყებელი ვალდებულია ქცევის კოდექსის საფუძველზე შექმნას თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.
ქცევის კოდექსი გააკრიტიკა ტელეკომპანია კავკასიის გენერალური დირექტორის მოადგილემ ნინო ჯანგირაშვილმა, როგორც ტელევიზიებზე ”პირდაპირი ცენზურის ბერკეტი”. ”ეს არის იმისათვის, რომ მოახშონ თუკი სადმე თავისუფლების რაღაც პატარა ადგილი დარჩა,”- აღნიშნა მან.
როგორც კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელმა კახი ყურაშვილმა 12 მარტს განაცხადა, იმის მიუხედავად, რომ კოდექსი ნორმატიული აქტია, ის თვითრეგულირების მექანიზმს შეიცავს.
”ეს იმას ნიშნავს, რომ მაყურებელთა და მსნმენელთა მიერ შეტანილი საჩივრები [კოდექსის პირობების შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით] მიემართება თავად მაუწყებელში და არა კომისიაში ან სასამართლოში; მაუწყებლის [რომელიც განიხილავს ამ საჩივრებს] მიერ მიღებული გადაწყვეტილება კი არ საჩივრდება სასამართლოში ან კომისიაში,” – განაცხადა ყურაშვილმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)