ახალი ამბები

საქართველო ევროვიზიაში მონაწილეობას აღარ მიიღებს

საქართველო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში, რომელიც მაისის თვეში მოსკოვში ტარდება, მონაწილეობას აღარ მიიღებს. ამის შესახებ დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტრის მოადგილემ გია ჭანტურიამ განაცხადა.

მისი თქმით, ქართული მხარე ”უარს აცხადებს” სიმღერის ”We Don’t Wanna Put in”-ის ტექსტის შეცვლაზე, რომელიც ქართულ ჯგუფს სტეფანეს და 3G-ს უნდა შეესრულებინათ მოსკოვში.

ეს გადაწყვეტილება ქართულმა მხარემ მას შემდეგ მიიღო, რაც 10 მარტს ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ორგანიზატორმა, ევროპის სამაუწყებლო კავშირმა განაცხადა, რომ საქართველოს მიერ მოსკოვში დაგეგმილი კონკურსისთვის წარდგენილი სიმღერის ტექსტი ”არ შეესაბამება კონკურსის წესებს”.

ევროპის სამაუწყებლო კავშირის განცხადებით, სიმღერა ”We Don’t Wanna Put in” არღვევს წესებს. ევროპის სამაუწყებლო კავშირმა განაცხადა, რომ შესთავაზა საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს 16 მარტამდე ახალი ტექსტი დაწეროს ან სხვა სიმღერა შეარჩიოს კონკურსისთვის.

თბილისში ჩატარებულ შესარჩევ ტურში გამარჯვებულ სიმღერას We Don’t Wanna Put in მკაცრი შეფასებები მოჰყვა მოსკოვში. რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა  დიმიტრი პესკოვმა იგი ”ფსევდოპოლიტიკურ ამბიციებად” და ”ხულიგნობად” შეაფასა.

 

 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button