ახალი ამბები

კიწმარიშვილი მის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტზე საუბრობს

ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის მამამ დაადასტურა ”რუსთავი 2”-ის დამფუძნებლის და რუსეთში ყოფილი ელჩის ეროსი კიწმარიშვილი ცემის ფაქტი მისი ”შვილის ღირსების” შეურაცხყოფის გამო.

9 მარტს ეროსი კიწმარიშვილმა, რომელიც ბოლო დროს ხელისუფლებას აქტიურად აკრიტიკებს, გაავრცელა განცხადება, სადაც გაახმაურა 7 მარტს გუდაურში მომხდარი ფაქტი – ”ასეულობით დამსვენებლისა და პოლიციის თვალწინ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნის კოდუას ოჯახის წევრებმა”.

შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ) უფროსი ერეკლე კოდუა ნანუკა ჟორჟოლიანის მეუღლეა.

კიწმარიშვილის განცხადებით, მისი ცემის ფაქტზე, თხოვნის მიუხედავად, სამართალდამცავებს არანაირი რეაგირება არ მოუხდენიათ.

”მიმაჩნია, რომ აღნიშნული ინციდენტი  ხელისუფლების მხრიდან ინსპირირებული პროვოკაციაა და წარმოადგენს პოლიტიკური ოპონენტისადმი ანგარიშსწორების ფაქტს,”- განაცხადა მან მიმართვაში.

თუმცა ჟორჟოლიანის ოჯახმა განაცხადა, რომ ინციდენტი პოლიტიკასთან კავშირში არ არის და გამოიწვია მათი ნათესავის, კიწმარიშვილის შეურაცხმყოფელმა განცხადებებმა ჟურნალისტის პირადი ცხოვრების თაობაზე.

”მე ვთხოვე [კიწმარიშვილს] აეხსნა რას ნიშნავდა მისი ბოლოდროინდელი განცხადებები, მაგრამ მივიღე, როგორც მას სჩვევია, ცინიკური და შეურაცხმყოფელი პასუხი,”- განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ზურაბ ჟორჟოლიანმა და აღნიშნა: ”სილა გავაწანი [კიწმარიაშვილს] ხელწაღმა და ხელუკუღმა”.

”თუ ოჯახის ღირსების, შვილის ღირსების დაცვა დანაშაულია ამ ქვეყანაში, მე მზად ვარ პასუხი ვაგო კანონის წინაშე,”- განაცხადა მან.

ნანუკა ჟორჟოლიანისა და ერეკლე კოდუას სახელი ფიგურირებს ასევე 2007 წლის თებერვალს მომხდარ საქმეში, რომელიც სახალხო დამცველის ანგარიშში აისახა.  ანგარიშის თანახმად, კოდუამ მაშინ მისი მეგობრის, ჟორჟოლიანის ტელეფონზე შესული ზარის გამო სამი უდანაშაულო პირის დაპატიმრებაში, წამებასა და მტკიცებულებების ფალსიფიცირებაში მიიღო მონაწილეობა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button