ახალი ამბები

მერაბიშვილი: უახლოეს ხანებში რუსეთის მხრიდან აგრესია გამორიცხულია

ქვეყნის შიგნით შეიარაღებული დაპირისპირება და ახლო მომავალში რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი აგრესია პრაქტიკულად გამორიცხულია, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 6 მარტს ”რუსთავი 2”-ის თოქ-შოუში ”პოზიცია” საუბრისას.

”ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი სამინისტრო არ დავუშვებთ საქართველოში რამე სამხედრო, შეიარაღებულ დაპირისპირებას და ყოველგვარ შეიარაღებულ დაპირისპირებას ჩვენ აღვკვეთავთ თავისივე ჩანასახში,”- განაცხადა მან, ”ჩვენ გაგვაჩნია საკმარისი რესურსები, რომ ნებისმიერი სამხედრო უკანონო ქმედება იქნას აღკვეთილი”.

ოპოზიციური აქციები

შეკრების და აზრის გამოხატვის თავისუფლება კანონით არის ქვეყანაში გარანტირებული და პოლიცია ამ უფლებას დაიცავს, თუმცა ”აღკვეთს ნებისმიერ ძალადობას”, განაცხადა მერაბიშვილმა აპრილში ოპოზიციის მიერ დაგეგმილი საპროტესტო აქციების წინ, რომლის მთავარი მოთხოვნა პრეზიდენტის გადადგომა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნაა.

”ჩვენ, პოლიცია ვალდებული ვართ დავიცვათ იმ ადამიანების უფლებებიც, რომლებიც ამ გამოსვლებში მონაწილეობენ და ჩვენ ამ გზას გავაგრძელებთ მუდმივად,”- განაცხადა მინისტრმა,  ”ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ნებისმიერი პროვოკაციისაგან დაცული იყვნენ საქართველოს მოქალაქეები, რომელთათვისაც მშვიდობა და სიწყნარე არის მთავარი მათი კეთილდღეობისათვის”.

მან ასევე უპასუხა სახალხო დამცველის სოზარ სუბარის ბრალდებას 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევაზე შსს-ში ჩატარებულ ”საიდუმლო თათბირთან” დაკავშირებით. 30 დეკემბერს სუბარმა ადამიანის უფლებათა კუთხით ქვეყანაში არსებული სიტუაციის შესახებ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ ”საიდუმლო თათბირი” შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობით 4 ნოემბერს გაიმართა და მასში მონაწილე მაღალჩინოსნებმა დაგეგმეს ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციის დარბევა. სახალხო დამცველმა ამ საქმის საპარლამენტო გამოძიება ოფიციალურად მოითხოვა.

”7 ნოემბრის დაშლაზე გადაწყვეტილება ან თათბირი 4 ნოემბერს შსს-ში არ ჩატარებულა,”- განაცხადა მერაბიშვილმა,  ”ჩვენთან, რა თქმა უნდა, ტარდება თათბირები… ერთი მიზნით იმისათვის, რომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იყო სიმშვიდე, იყოს წესრიგი და აღიკვეთოს ნებისმიერი უკანონო ქმედებები”.

პოლიტიკური ფული

მერაბიშვილმა ასევე ისაუბრა პრეზიდენტის განცხადებაზე პოლიტიკურ პარტიებში საეჭვო ფულის გაჩენასთან დაკავშირებით.

”როგორც კი ჩვენ ამ კონკრეტულ ფაქტებს დავადასტურებთ, რა თქმა უნდა, საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას ამ ფაქტებთან დაკავშირებით,”- განაცხადა მან,  ”თუმცა ამავე დროს მე შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო არის ძალიან პატარა ქვეყანა და ძალიან ბევრმა საქართველოში იცის და საზოგადოებაც თვალნათლივ ხედავს, თუ რომელ პოლიტიკურ დაჯგუფებას რა დაფინანსება აქვს, რა საშუალებები აქვს და არ გაუჭირდება თავისი დასკვნების გაკეთება”.

მან ასევე კომენტარი გააკეთა ქვეყნის შიდა არეულობაში რუსეთში მყოფი ყოფილი მაღალჩნოსნების შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით.

27 თებერვალს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ რუსეთი პირდაპირი სამხედრო აგრესიის ნაცვლად, შეეცდება საქართველოს ხელისუფლების შეცვლის მიზანს შიდა არასტაბილურობით მიაღწიოს, მათ შორის, მისი თქმით, ისეთი ”ოდიოზური” ფიგურების დახმარებითა და ფინანსებით, როგორებიც არიან მოსკოვში მყოფი აჭარის ყოფილი ლიდერი ასლან აბაშიძე, შევარდნაძის მმართველობის დროს ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი ლევან მამალაძე, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი კახა თარგამაძე და სხვები.

”ამ გვარებს შეგვიძლია ბევრი გვარი დავამატოთ, იგივე ტარიელ ონიანი და სხვები და სხვები, თუმცა ისინი არ არიან მთავარი პირები, რომლებიც დააფინანსებენ ქართულ ოპოზიციას თუ სხვა პროვოკაციებს, რომელიც საქართველოში შეიძლება განხორციელდეს. მათი სპონსორები იქნებიან გაცილებით უფრო სერიოზული პირები,”- განაცხადა მერაბიშვილმა. 

რუსული აგრესიის თემა ”შემოგდებულია”

შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა უახლოეს ხანებში რუსეთის მხრიდან აგრესია გამორიცხა და განაცხადა, რომ ეს რუსეთის მიერ შემოგდებული თემაა ხალხის დაშინების მიზნით.

20 თებერვალს ტელეკომპანია ”რუსთავი 2”- მა გაუშვა სიუჟეტი, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციაზე დაყრდნობით ნათქვამი იყო, რომ რუსეთი დესტაბილიზაციის ახალ გეგმაზე მუშაობს, რომლის მიხედვითაც მოხდება ადგილობრივი მოსახლეობის გადაბირება, საპროტესტო გამოსვლების მოწყობა და კონფლიქტების ზონებში შესაძლო სამხედრო პროვოკაციები გაზაფხულისთვის.

”მე მეჩვენება, რომ საქართველოში აგრესია რომ შეიძლება მალე მოხდეს, არის შემოგდებული ინფორმაცია, შემოგდებული პროვოკაციაა, რაც ჩემი აზრით, ისევ რუსების და სხვა ჩვენი მოწინააღმდეგეების მხრიდან არის შემოგდებული და მთავარი მიზანი ამის არის მხოლოდ ერთი – დაშინება მოქალაქეების, რათა მათი განწყობა იყოს ნეგატიური და ამავე დროს, ეს არის დაშინება იმ ბიზნესმენების იმ ინვესტორების, რომლებიც აპირებენ საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას,” – განაცხადა მერაბიშვილმა.

მისი თქმით, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მყოფი რუსული საოკუპაციო ძალების ”გეგმები” არ იძლევა ფართომასშტაბიანი აგრესიის ვარაუდის საფუძველს, თუმცა ”მცირე პროვოკაციები, რა თქმა უნდა, არსებობს, ეს უწყვეტად მიმდინარეობდა… როგორც ომამდე, ისე ომის შემდეგ”.

”უახლოეს ხანებში სერიოზული, ფარტომასშტაბიანი აგრესია საქართველოს წინააღმდეგ პრაქტიკულად გამორიცხულია და მე რამოდენიმე მიზეზს ჩამოვთვლი: პირველი მიზეზი ეს არის, რომ ხელშეკრულება, რომელიც აშშ-სთან საქართველოს აქვს დადებული, სერიოზულ გარანტიებს აძლევს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას; მეორე ეს არის პოლიტიკური სიტუაცია რუსეთში, ის ძალიან ღრმა კრიზისი, რომელიც იქ არის, მათ შორის თავდაცვის სამინისტროსა და სამხედროებში; ამავე დროს, პრაქტიკულად, რუსეთმა ეს დრო ხელიდან გაუშვა, რადგანაც ამ თვეების განმავლობაში ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა,  თავდაცვის სამინისტრომ და ნაწილობრივ შსს-მ, მოახერხეს სტრატეგიის გადაწყობა,”- განაცხადა მან.

მან ასევე აღნიშნა, რომ პოლიციელები საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ დღეს კონფლიქტური რეგიონების მიმდებარედ მცხოვრები მოქალაქეების უსაფრთხოებას. მისი თქმით, აგვისტოს ომის შემდეგ 11 პოლიციელი გარდაიცვალა ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე ზონებში, ხოლო ომამდე 40-მდე პოლიციელის სიცოცხლე შეეწირა სხვადასხვა ინციდენტებს. 

”დღეს თუ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეტ-ნაკლებ იმ მიმდებარე ტერიტორიებზე მშვიდობიანი მოქალაქეები დაცულები არიან, ისინი დაცულები არიან სწორედ პოლიციის მიერ,”- განაცხადა მერაბიშვილმა, ”ჩვენ ვახერხებთ არა მარტო დაცვას საზღვრის, არამედ პრევენციას, რათა არ მოხდეს დანაშაულებები იმ რაიონებში და არ მოხდეს შემოღწევა იმ ბანდიტური დაჯგუფებების და იმ აგრესორების იმ ტერიტორიაზე, სადაც ჩვენი მოქალაქეები [იმყოფებიან]”.

შსს-ს წარმატებები

ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ პოლიციას შეუძლია ”იტრაბახოს” კრიმინოგენული ვითარების გამოსწორებაში შეტანილი წვლილისთვის, თუმცა აქვე აღნიშნა: ”სამწუხაროდ ჩვენ არ შეგვიძილა რაიმე სერიოზულ წარმატებაზე ვისაუბროთ ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლაში”.

”საბედნიეროდ საქართველოში დადგა დრო, როცა ჩვენ არ ვიყოთ დაკავებულები მხოლოდ დანაშაულის გახსნით, მხოლოდ რეაქციით გარკვეული ბანდიტური დაჯგუფების, ორგანიზებული დანაშაულის, გარკვეული  ავოტორიტეტული კრიმინალების წინააღმდეგ ბრძოლით და გადავიდეთ უფრო პრევენციულ მუშაობაზე,”- განაცხადა მინისტრმა.

მან ასევე უარყო ოპოზიციის ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ მას კავშირი აქვს არაბულ კომპანია Rakeen Georgia-თან, რომელმაც ცოტა ხნის წინ სხვა აქტივებთან ერთად ტელეკომპანია ”იმედის” 90% შეიძინა.

”არავითარი კავშირი ამ კომპანიასთან მე არ მაქვს,”- განაცხადა მან, ”არავითარი საფუძველი ამ განცხადების გაკეთების არ გააჩნია არავის და საერთოდ არასერიოზულია ამ თემაზე საუბარი”. 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button