ახალი ამბები

პრეზიდენტი მთაწმინდის პარკს სტუმრობდა

პრეზიდენტმა სააკაშვილმა დღეს მთაწმინდის გასართობ პარკში სტუმრობისას სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ ამ დრომდე ის არ ფუნქციონირებდა და განაცხადა, რომ პარკი ”მაქსიმუმ ერთ თვეში” გაიხსნება.

”2004 წელს, ჩემი გადაწყვეტილებით, ჩვენ ეს პარკი გავეცით იჯარით. ეს იყო არასწორი, ვინაიდან, პრაქტიკულად პარკი რამოდენიმე წლის განმავლობაში დაიკეტა და ხალხი აქ შემოსვლას ვეღარ ახერხებდა. ჩვენ მოვკიდეთ ახლა ამას ხელი სერიოზულად,”- განუცხადა მან ჟურნალისტებს, ”გაზაფხულზე ხალხი აქ უნდა ამოვიდეს, და ზაფხულში, შემოდგომაზე მთლიანად უნდა დასრულდეს მთელი თავისი უმნიშვნელოვანესი ახალი ობიექტებით. ეს არის მსოფლიოსი ერთ-ერთ საუკეთესო პარკი”.

მთაწმინდის პარკი 2007 წლის 7 ნოემბრამდე იჯარით ჰქონდა აღებული გარდაცვლილი ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილ კომპანიას, რომელმაც პარკის მშენებლობაში, კომპანიის თქმით,  25 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა. 2007 წლის სექტემბერში პარკი გაიხსნა და 80 ათასამდე ვიზიტორს უმასპინძლა, ვიდრე 7 ნოემბერს ხელისუფლება მიიღებდა გადაწყვეტილებას საიჯარო პირობების შეუსრულებლობის მოტივით პატარკაციშვილისთვის პარკის ჩამორთმევის თაობაზე.

2008 წლის ივლისში ხელისუფლებამ პარკი რას ალ-ხაიმას საამიროს უძრავი ქონების დეველოპერულ კომპანია Rakeen Georgia-ს 49-წლიანი ვადით გადასცა, ყოველწლიური  300 000 ლარის გადახდის პირობით. ერთი კვირის წინ ამ კომპანიის ხელში გადავიდა ასევე პატარკაციშვილის მიერ დაფუძნებული ტელეკომპანია ”იმედი”.  გარდაცვლილი ბიზნესმენის ოჯახი აცხადებს, რომ ამ აქტივების დაკარგვას არ შეეგუება და მათ დასაბრუნებლად სასამართლო გზით ბრძოლას განაგრძობს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button