skip to content
ახალი ამბები

ლეიბორისტებმა ნათელაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელეს

ლეიბორისტულმა პარტიამ 4 მარტს პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი დაასახელა პრეზიდენტობის კანდიდატად არასაპარლამენტო ოპოზიციის იმ მოწოდებების ფონზე, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომას და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას ეხება.

”საქართველოს ლეიბორისტული პარტია იღებს პასუხისმგებლობას სამშობლოსა და ხალხის წინაშე,”- განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გუგავამ,  ”და საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე კვლავ ასახელებს რეჟიმისთვის შეურიგებელი შალვა ნათელაშვილის კანდიდატურას”.

შალვა ნათელაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა  პირველად 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე არჩევნებზე მიიღო და ოფიციალური მონაცემებით, ხმათა 6.55% მოიპოვა.

მან ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ ხალხს თავისუფალი არჩევანის საშუალება უნდა მიეცეს და პრეზიდენტად არ უნდა მოვიდეს ”მიშა 2” – ვაშინტონის მიერ ”შეფუთული ფიგურა”. მან ეს შეფასებები გააკეთა ირაკლი ალასანიას მისამართით, რომლის წინააღმდეგ ლეიბორისტულმა პარტიამ კრიტიკული რიტორიკა გაეროში ყოფილი ელჩის ოპოზიციურ ფრონტზე გამოჩენის შემდეგ დაიწყო.

ირაკლი ალასანია 23 თებერვალს ”ალიანსმა საქართველოსთვის”, რომელიც ალასანიას გუნდთან ერთად რესპუბლიკელებსა და ახალ მემარჯვენეებს აერთიანებს, პრეზიდენტობის კანდიდატად საჯაროდ დაასახელა.

ნინო ბურჯანაძეს, პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს და დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს ლიდერს, რომელიც ნათელაშვილის თქმით, ვაშინგტონის ”სარეზერვო ვარიანტია”, ჯერ-ჯერობით პრეზიდენტობის პირდაპირი სურვილი არ გამოუთქვამს, თუმცა ასეთი შესაძლებლობა მან არ გამორიცხა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button