ახალი ამბები

სააკაშვილი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში იმყოფებოდა

პრეზიდენტი სააკაშვილი აბუ დაბისა და რას ალ-ჰაიმას საამიროებში იმყოფებოდა ვიზიტით, რომელიც ”ეკონომიკური დიპლომატიის გაგრძელებას” წარმოადგენდა, ნათქვამია პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ 1 მარტს გავრცელებულ განცხადებაში.

”მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გამო გაერთიანებული არაბეთის საემიროების ეკონომიკას ზიანი მიადგა, რამაც ბევრ ქვეყანაში შეაფერხა არაბული ინვესტიციები. ამის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილმა მიიღო გარანტია, რომ საქართველოში მათი ინვესტიციები არა მარტო გაგრძელდება, არამედ გაიზრდება კიდეც,” – ნათქვამია განცხადებაში.

იქვე აღნიშნულია, რომ რას ალ-ხაიმას საამირო ”ახორციელებს ინვესტიციას ფოთის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში – ფოთის პორტში, ასევე აშენებს დიდ სავაჭრო ცენტრს თბილისის შემოსასვლელში, აფინანსებს ტელეკომპანია ”იმედს” და მთაწმინდის პარკის მშენებლობას.”

გასულ კვირას, რას ალ-ხაიმას საინვესტიციო ფონდის შვილობილმა კომპანიამ საქართველოში, შეიძინა ”იმედის” 90%-იანი წილი, ხოლო მთაწმინდის პარკი იჯარით აქვს აღებული. როგორც ”იმედი,” ასევე პარკი, სადავო ქონებას წარმოადგენს და მათ ფლობასა და განკარგვაზე პრეტენზიას გარდაცვლილი ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი აცხადებს.

პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ვიზიტისას მოხდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეები ემირატებში უვიზოდ შეძლებენ მოგზაურობას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button