
პუტინის პრესსპიკერი ”ევროვიზიაზე” საქართველოს სიმღერას ”ხულიგნობად” აფასებს
მოსკოვში დაგეგმილ ”ევროვიზიაზე” ქართველი შემსრულებლების მიერ სიმღერის ”We don’t wanna put in” შესრულება აღიქმება ფსევდოპოლიტიკური ამბიციების გამოვლენად ან უბრალოდ ხულიგნობად, განაცხადა 20 თებერვალს რუსეთის პრემიერ-მინისტრის პუტინის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა.
18 თებერვალს საქართველოში ევროვიზიის შიდა შესარჩევ კონკურსზე გაიმარჯვა სტეფანემ & 3G-მ სიმღერით ”We don’t wanna put in”, რაზეც სიმღერის თანაავტორმა სტეფანემ განაცხადა, რომ ამ სიტყვების თამაშით კეთდება მინიშნება ვლადიმერ პუტინზე. თუმცა თავად ტექსტი შინაარსობრივად პოლიტიკისგან თავისუფალია.
”თუ ეს მართლაც ასეა, ისღა დაგვრჩენია, რომ შევწუხდეთ, რომ საქართველოდან კონკურსის მონაწილეები აპირებენ კონცენტრირება მოახდინონ არა უშუალოდ შემოქედებაზე, არამედ მთელ ევროპაში ასეთი პოპულარული კონკურსი გამოიყენონ საკუთარი პრევდოპოლიტიკური ამბიციებისთვის,”- იუწყება ”რიას ნოვოსტი” პესკოვის სიტყვებზე დაყრდნობით.
მან ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვში არავის მოსვლია აზრად იმღეროს 1980 წლის ოლიმპიადის ჰიმნი "До свидания наш ласковый Миша" – ამით მან მინიშნება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე გააკეთა.
პუტინის პრესსპიკერმა, რომელიც იმავდროულად ”ევროვიზიის” საორგანიზაციო კომიტეტის წევრია, იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს წარმომადგენლები მოსკოვში ნამდვილ ლამაზ სიმღერას ჩაიტანენ.
ამ განცხადებების საპასუხოდ ჯგუფი სტეფანე & 3G-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ სიმღერას არ აქვს პოლიტიკური დატვირთვა, არამედ ის არის ”დისკოზე და გართობაზე”.
”არანაირი უფლება არ აქვთ შეგვიცვალონ ტექსტი და მითუმეტეს, თუ რას ითხოვენ რუსი პოლიტიკოსები, ეს ჩვენ ნაკლებად გვაინტერესებს,”- განაცხადა სიმღერის პროდიუსერმა კახა ცისკარიძემ.
”სიმღერის ტექსტი არანაირ პოლიტიკურ განცხადებას არ გულისხმობს,”- განაცხადა ევროვიზიის კონკურსის პროდიუსერმა საქართველოში ნათია უზნაძემ.
ქართული მხარე განმარტავს, რომ სიმღერის კონკურსზე წარდგენის გადაწყვეტილებას ევროპის მაუწყებელთა კავშირი იღებს და მასპინძელ ქვეყანას სიმღერის აკრძალვა არ შეუძლია.
იმავდროულად, euobserver.com იტყობინება, რომ ”ევროვიზიის” დირექცია ამ საკითხზე თავის პოზიციას მანამ არ გამოხატავს, სანამ საქართველო 16 მარტისთვის ოფიციალურად არ წარადგენს საკონკურსო სიმღერას.
”პოლიტიკური სიმღერები არასოდეს დაიშვებოდა სცენაზე,”- განუცხადა euobserver.com-ს ევროვიზიის სპიკერმა ჯარმო სიმმა, ”ეს სიმღერის კონკურსია და ეს ევროპის გაერთიანებას და არა მის დაყოფას ემსახურება”.
საქართველოში წელს აზრთა სხვადასხვაობაა ”ევროვიზიის” კონკურსში ქვეყნის მონაწილეობასთან დაკავშირებით, რომელიც მაისში მოსკოვში ჩატარდება. საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა აგვისტოს ომის შემდეგ კონკურსის ბოიკოტირების შესახებ გამოაცხადა, თუმცა მოგვიანებით შეცვალა პოზიცია და მონაწილეობას დათანხმდა. შერჩეული საკონკურსო სიმღერის პათოსი, ზოგიერთებს მიაჩნიათ, რომ საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებული პრეტენზიების განეიტრალების მცდელობაა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)