
ბურჯანაძე სახელმწიფო მოხელეებს სააკაშვილისგან დისტანცირებას ურჩევს
ნინო ბურჯანაძე, დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს ლიდერი და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე სახელმწიფო მოხელეებსა და პოლიტიკოსებს ურჩევს დროულად ჩამოშორდნენ ხელისუფლებას იმ ფონზე, როცა ქვეყანაში ”კრიზისი ღრმავდება და ბოლო ფაზაში შედის”.
”სახელმწიფო მოხელეებმა – მონაწილეობა არ მიიღოთ ხელისუფლების მიერ დაგეგმილ ბინძურ შეკვეთებში, არ დაარღვიოთ კანონი, ემსახურეთ მხოლოდ ხალხს და არა პრეზიდენტ სააკაშვილის ახირებულ ამბიციებს,”- მოუწოდებს ბურჯანაძე 19 თებერვალს გამოქვეყნებულ საგანგებო მიმართვაში.
იგი ურჩევს პოლიტიკური თანამდებობის პირებს დროულად მოახდინონ ”დამნაშავე” ხელისუფლებისაგან დისტანცირება, ”რათა არ იქნეთ ჩათრეული ერისა და ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ ავანტიურაში, რომელსაც ეს ხელისუფლება თავის გადასარჩენად კიდევ განახორციელებს”.
”თქვენს მიერ თანამდებობების დატოვება ხელს შეუწყობს პროცესების უსაფრთხოდ და მშვიდობიანად დასრულებას,”- აცხადებს ბურჯანაძე, ”მხოლოდ დანაშაულში ჩართულ მოხელეებს უნდა მოეთხოვოს პასუხი ჩადენილი დანაშაულისათვის”.
ის ასევე აღნიშნავს, რომ მისი პოლიტიკური ძალის პრინციპია ყველა პროფესიონალი და პატრიოტი ადამიანი დარჩეს საქართველოს სამსახურში, მისი პოლიტიკური სიმპატიის მიუხედავად.
”ეს ხელისუფლება მალე უნდა წავიდეს და წავა,”- აცხადებს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, თუმცა აღიარებს, რომ ”პირდაპირი დემოკრატია, რომლისკენაც ჩვენ მოვუწოდებთ საზოგადოებას, არსებული ხელისუფლების არაადეკვატურობისა და უპასუხისმგებლობის გათვალისწინებით, თავის თავში გარკვეულ რისკს შეიცავს”.
”ამ სიტუაციაში ძალზედ ბევრია დამოკიდებული თითოეული ადამიანის სწორ გადაწყვეტილებაზე,”- ამბობს ბურჯანაძე.
ცოტა ხნის წინ მან ოპოზიციას სააკაშვილის შესაცვლელად კოორდინაციისაკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ამ მიზნის მისაღწევად ერთადერთი სწორი გზაა საზოგადოების ცოცხალი ძალის დემონსტრირება და არა რეფენედუმი და საპარლამენტო არჩევნები – ”ორივე ეს გზა ცალსახად არის ხელისუფლების ლეგიტიმაცია 2013 წლამდე”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)