skip to content
ახალი ამბები

ბაკოიანისი საქართველოში ეუთოს ყოფნის მნიშვნელობაზე საუბრობს

ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დორა ბაკოიანისმა განაცხადა 19 თებერვალს, რომ მისი ქვეყანა მზადაა იმუშავოს საქართველოში, რათა უზრუნველყოს ეუთოს ”მნიშვნელოვანი” როლის შესრულება.

ვენაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სხდომაზე გამოსვლისას ბაკოიანისმა განაცხადა, რომ საქართველოში ეუთოს დამკვირვებელთა მანდატის გაგრძელება არის ”კეთილი ნების გამოხატულება”.

”მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. მოდით ეს ავიღოთ საფუძვლად- აქ ვენაში და ასევე ჟენევის მოლაპარაკებებზე, რომლის თანათავმჯდომარეც ეუთოა,” – განაცხადა მან, ”საბერძნეთის პოზიცია ნათელია: არსებული კრიზისი მოითხოვს, რომ ეუთომ მეტი უნდა გააკეთოს საქართველოში და არა ნაკლები”.

თავად ეუთოს მისია საქართველოში დახურვის რეჟიმში იმყოფება მას შემდეგ, რაც რუსეთმა ეუთოს მისიის გაგრძელებას ვეტო დაადო. მოსკოვი სამხრეთ ოსეთისთვის ცალკე მისიას ითხოვს, რომელიც არ იქნება დამოკიდებული თბილისის მისიაზე.

ევროპული უსაფრთხოების ახალი შეთანხმების თაობაზე რუსეთის წინადადებაზე საუბრისას ბაკოიანისმა განაცხადა, რომ ”ჩვენი ამოსავალი წერტილი უნდა იყოს ის, რასაც უკვე მივაღწიეთ”.

”ახალი ინიციატივების განხილვასთან ერთად, მოდით  გავაკეთოთ ადგილზე ის, რაც უკვე ნათელია,” – განაცხადა მან.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button