ახალი ამბები

ბრიტანეთის ლორდთა პალატა აგვისტოს ომის შესახებ

აგვისტოს ომის გარშემო არსებული ზუსტი გარემოებები ჯერ კიდევ გასარკვევია, თუმცა პასუხისმგებლობა ”სხვადასხვა მასშტაბით” ყველა მხარეს ეკისრება, ნათქვამია დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო კომიტეტის მოხსენებაში, რომელიც 12 თებერვალს გამოქვეყნდა.

ლორდთა პალატის ევროკავშირის კომიტეტის მოხსენებაში, რომელიც აგვისტოს ომის შედეგებს ევროკავშირი-რუსეთის ურთიერთობების კონტექსტში აფასებს, ნათქვამია, რომ ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთმა ომის წინ სამხედრო ძალების კონცენტრაცია განახორციელა და ”არაპროპორციული” ძალა გამოიყენა პრეზიდენტ სააკაშვილის პროვოკაციულ განცხადებებზე და სამხედრო ქმედებაზე საპასუხოდ”.

”როგორც ჩანს, პრეზიდენტი სააკაშვილი უსაფუძვლოდ თვითდაჯერებული იყო რუსეთთან კონფრონტაციის დროს იმის გამო, რომ აშშ-ის ადმინისტრაციიდან განსხვავებულ სიგნალებს იღებდა,” – ნათქვამია მოხსენებაში.

მოხსენება ბრიტანელი დიპლომატების მიერ მიწოდებულ ჩვენებებს ეფუძნება. მათ შორის იყო სერ მარკ ლაიალ გრანტი, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურ საქმეთა გენერალური დირექტორი. მარკ ლაიალ გრანტი 12-13 თებერვალს საქართველოში იმყოფება ვიზიტით და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან მართავს შეხვედრებს.

მან მოხსენების მზადების პროცესში ლორდთა პალატის საპარლამენტო კომიტეტს განუცხადა: ”აშკარაა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის მხრიდან ადგილი ჰქონდა გარკვეულ დაუფიქრებლობას, მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ რუსეთის პასუხი იყო არაპროპორციული და არასაჭირო იმ თვალსაზრისით, რომ ის უფრო უხეშად მოიქცა, ვიდრე ეს საჭირო იყო იმის შესაჩერებლად, რაც მათ დაინახეს, როგორც თავდასხმა ოსებზე და რა თქმა უნდა, რუს სამშვიდობოებზე”.

კომიტეტის წინაშე კიდევ ერთმა მომხსენებელმა, სერ როდერიკ ლაინმა, ბრიტანეთის ყოფილმა ელჩმა მოსკოვში, განუცხადა კომიტეტს, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილა აწარმოა ”წინდაუხედავი პოლიტიკა” რუსეთთან მიმართებაში, რას მოსკოვის ”გაღიზიანებასა და პროვოცირებაში” გამოიხატებოდა.

”მე ვფიქრობ, რომ იგი ვაშინგტონის ნეოკონსერვატიულმა ელემენტებმა წააქეზეს, რომ ასე მოქცეულიყო,” – განაგრძო მან გულისხმობდა რა, რომ ბუშის ადმინისტრაციამაც უნდა აიღო სერიოზული პასუხისმგებლობა მომხდარზე იმის გამო, რომ აშკარად განსხვავებული გზავნილები გაუგზავნა პრეზიდენტ სააკაშვილს. 

ბრიტანეთის საპარლამენეტო კომიტეტმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირის მაშინდელმა თავმჯდომარე ქვეყანამ, საფრანგეთმა ”სწრაფად და წარმატებით” იმოქმედა და ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია. მოხსენება ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთმა სრულად არ შეასრულა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულები. ”შეასრულებს თუ არა რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს სრულად  – ეს უნდა იქნას გამოყენებული რუსეთის ქცევის შეფასების კრიტერიუმად, მიუხედავად იმისა, რომ უახლოეს მომავალში ამის შესრულება ნაკლებ სავარაუდოა,” – ნათქვამია მოხსენებაში. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button