ევროკავშირის დამკვირვებლები ქართული ძალების კონცენტრაციას უარყოფენ
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ 11 თებერვალს განაცხადა, რომ ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად ქართული შეიარაღებული ძალების კონცენტრაციასთან დაკავშირებული ბრალდებების გამო 10 თებერვალს ევროკავშირის მისიის საპატრულო ჯგუფებმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრების მახლობლად ყველა ძირითადი ქართული სამხედრო პუნქტის დათვალიერება განახორციელეს.
”არსებული მტკიცებულებების დეტალური შეფასების შედეგად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ დაასკვნა, რომ ადგილი არ აქვს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის დარღვევას და ქართული შეიარაღებული ძალების კონცენტრაციას. ყველა სამხედრო თანამშრომელი თავის ჩვეულ ფუნქციას ახორციელებდა,”- განაცხადა მისიამ.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ასევე განაცხადა, რომ მზადაა დაათვალიეროს იმ ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარების ნამსხვრევები, რომლებიც გავრცელებული ინფორმაციით, ცხინვალში იქნა ნაპოვნი, თუ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება ტერიტორიაზე ”შესვლის ნებართვას მოგვცემს”.
სეპარატისტულმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ორი ყუმბარა იქნა ნასროლი ქართულ სოფელ ნიქოზიდან ცხინვალის მიმართულებით 10 თებერვალს. ამავე ინფორმაციით, ცხინვალში ჯიოევის ქუჩაზე ნაპოვნი იქნა ორი აუფეთქებელი სარაკეტო ჭურვი.
იმავდროულად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა 11 თებერვალს, რომ რუსმა სამხედროებმა 50-მდე ჯარისკაცი და 1 ბმპ განალაგეს დღეს, დაახლოებით, 12:20 საათზე ქვემო ნიქოზთან, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და საფორტიფიკაციო ნაგებობის მშენებლობა დაიწყეს.
ამავე ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა მოახდინეს ქართული პოლიციის საგუშაგოს ბლოკირება.
დღესვე მოგვიანებით, ქართულმა მედიამ განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა მალევე დატოვეს ტერიტორია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)