skip to content
ახალი ამბები

თბილისს ომის საერთაშორისო საგამოძიებო მისიის ცალკეული ექსპერტების რეპუტაცია აეჭვებს

ევროკავშირის ეგიდით მოქმედი აგვისტოს ომის საგამოძიებო მისიის ზოგიერთი ექსპერტის ობიექტურობაში საქართველოს ხელისუფლებას ეჭვი ეპარება და აპირებს მისიის ხელმძღვანელის ჰაიდი ტალიავინის წინაშე დასვას ეს საკითხი, განაცხადა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა.

მან ეს განცხადება 10 თებერვალს პირველი არხის თოქ-შოუ ”პირველ თემაში” საუბრისას მას შემდეგ გააკეთა, რაც წამყვანმა მოიყვანა მისიის ერთ-ერთი ექსპერტის, ბრიტანელი პოლკოვნიკის კრისტოფერ ლანგტონის სტატია, რომელიც მან ქართულ-რუსულ ომზე 13 აგვისტოს გამოაქვეყნა.

ლანგტონი, რომელიც საქართველოში გაეროს სადამკირვებლო მისიაში მსახურობდა, სტატიაში სათაურით ”საქართველოს ოცნება დაიმსხვრა, მაგრამ ამაში მან მხოლოდ საკუთარი თავი უნდა დაადანაშაულოს”,  წერდა: ”ამ დრამის არც ერთი მონაწილეს არ შეუძლია ამტკიცოს, რომ მართალია. საქართველომ არაპროპორციულად და არაშესაბამისად იმოქმედა და ახლა უარეს დღეში იმყოფება, ვიდრე აქამდე იყო… რუსეთმა სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორია დაიპყრო და არაპროპორციული და ზოგ შემთხვევაში განურჩეველი ძალა გამოიყენა – კერძოდ, საჰაერო ძალა”.

”დელეგაციაში არიან ხალხი, რომელთა ყოფნის საკითხს საქართველოს ხელმძღვანელობა ძალიან სერიოზულად დააყენებს ჯგუფის ხელმძღვანელობის წინაშე,”- განაცხადა იაკობაშვილმა, თუმცა მან არ დააკონკრეტა გულისხმობდა თუ არა მათ შორის პოლკოვნიკ ლანგტონსაც.

”არ მინდა ახლა დაკონკრეტება,”- განაგრძო მან, ”მაგრამ მათი ”საქმენი საგმირონი” ჩვენთვის ცნობილია. ”გაზპრომის” მიერ დაფინანსებული ექსპერტები ჩვენ არ გვჭირდება სიმართლის დასადგენად”.

ამჟამად საქართველოში ვიზიტად მყოფი აგვისტოს ომის საგამოძიებო მისიის შემადგენლობაში, გარდა თავმჯდომარის შვეიცარიელი დიპლომატის ჰეიდი ტალიავინისა და მისი ორი მოადგილისა, შედის ხუთი სამხედრო და სამართლის ექსპერტი: გენერალი გილეს გალეტი საფრანგეთიდან; გენერალი ქრისტოფ კეკაისი, 2004-2007 წლებში შვეიცარიის შეიარაღებული ძალების მეთაური; ოტო ლუხტერჰანდტი გერმანიიდან, რომელიც ამჟამად ჰამბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის სამართლის ინსტიტუტის პროფესორია; ენ პეტერსი ასევე გერმანიიდან – იგი ამჟამად ბაზელის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის პროფესორია და ასევე პოლკოვნიკი კრისტოფერ ლანგტონი.

აგვისტოს ომის შემდეგ პროფესორმა ლუხტერჰანდტმა ამ ომის თემა საერთაშორისო სამართლის ჭრილში განიხილა. მისი დასკვნები გამოიყენა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტმა ოქტომბერში, როდესაც ასამბლეა რუსეთ-საქართველოს ომის შედეგებზე რეზოლუციას ამზადებდა. გერმანელმა პროფესორმა დაწერა, რომ საქართველომ დაარღვია საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი, როდესაც არაპროპორციული ძალა გამოიყენა და ცხინვალს დაესხა თავს. პროფესორმა ლუხტერჰანდტმა ასევე განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა წარსულში რამოდენიმეჯერ დაარღვია საქართველოს სუვერენიტეტი სამხრეთ ოსეთში, მოსკოვს შეუძლია გაამართლოს თავისი საქციელი საერთაშორისო სამართლით. მისი თქმით, საერთაშორისო სამართლის თანახმად, საქართველოს შეიარაღებული თავდასხმა ცხინვალში მდებარე სამშვიდო ძალების შტაბბინაზე ტოლფასი იყო თავად რუსეთზე თავდასხმისა. მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთს საერთაშორისო სამართლით შეუძლია გაამართლოს სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიების ოკუპაცია, ასევე საჰაერო თავდასხმები საქართველოს სამხედრო ობიექტებზე; თუმცა, არა საქართველოს დასავლეთ ნაწილის ოკუპაცია, რომელიც, მისი თქმით, საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა იყო.

ზოგადად მისიის მუშაობაზე საუბრისას იაკობაშვილმა განაცხადა: ”ჩვენი მოლოდინია, რომ [მისიის] დასკვნა იქნება სამართლიანი”.

”ჩვენ არაფერი გვაქვს დასამალი,” – განაგრძო მან, ”არა მგონია, რომ დასკვნა, რამდენადაც მწვავე და კრიტიკული არ უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რაიმე ზიანს მოუტანს საქართველოს ხელისუფლებას, რადგანაც საქართველოს მთავრობამ  მიაწოდა ინფორმაცია [ომის წარმოების თაობაზე]… გარდა საერთაშორისო ორგანიზაციებისა – საქართველოს პარლამენტს… და უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ქართველი ხალხის წინაშე ვართ პასუხისმგებელნი”. 

 

This post is also available in: English Русский

Back to top button