ახალი ამბები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ოსური მხარის განცხადებებს უარყოფს

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ (EUMM) უარყო სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ხელისუფლების განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ მისია ”თვალს ხუჭავს“ ქართული ძალების კონცენტრაციაზე სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად.

”ევროკავშირის შეუიარაღებელ, სამოქალაქო მისიას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროსთან გაფორმებული აქვს ხელშეკულებები, რომლებიც წინასწარი შეტყობინების გარეშე, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრების მიმდებარე მიდამოებში ქართული ძალების გადაადგილებასა და შეიარაღების ოდენობას ზღუდავს,” – განაცხადა მისიამ 9 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში, ”სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე მიდამოებში დაძაბულობის შესამცირებლად და სტაბილურობისა და უსაფრთხოების გასაძლიერებლად, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ და რუსულმა ძალებმა უნდა გააფორმონ მსგავსი საპასუხო ხელშეკრულებები. სტაბილურობა მიღწეული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მას ყველა მხარე შეუწყობს ხელს”.

სეპარატისტული რეგიონის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქართული მხარე ”კიდევ ერთი სამხედრო აგრესიისთვის” ემზადება, რისთვისაც 8-9 თებერვალს საინჟინრო სამხედრო სამუშაოები განახორციელა სოფელ დიცში, რომელიც ადმინისტრაციული საზღვრის ქართულ მხარეს მდებარეობს, ცხინვალიდან დაახლოებით ოთხ კილომეტრში.

ცალკე ინფორმაციაში, რომელიც სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, სეპარატისტულმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 10 თებერვალს ქართულ სოფელ ნიქოზიდან ორი ყუმბარა გაისროლეს ცხინვალის დასახლებული პუნქტის მიმართულებით. ამავე ინფორმაციით, ცხინვალში ჯიოევის ქუჩაზე ნაპოვნია ორი აუფეთქებელი სარაკეტო ჭურვი.

მანამდე სეპარატისტული ხელისუფლება აცხადებდა, რომ ევროკავშირის მისიას არ სურს დაინახოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალების მობილიზაცია მიმდებარე ტერიტორიებზე.   

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button