
აგვისტოს ომის საგამოძიებო მისიის ექსპერტები
ამჟამად თბილისში მყოფი ევროკავშირის ეგიდით მოქმედი აგვისტოს ომის საგამოძიებო მისიის შემადგენლობაში, გარდა თავმჯდომარის შვეიცარიელი დიპლომატის ჰეიდი ტალიავინისა და მისი ორი მოადგილისა, შედის ხუთი სამხედრო და სამართლის ექსპერტი.
ესენი არიან გენერალი გილეს გალეტი საფრანგეთიდან; გენერალი ქრისტოფ კეკაისი, 2004-2007 წლებში შვეიცარიის შეიარაღებული ძალების მეთაური; ოტო ლუხტერჰანდტი გერმანიიდან, რომელიც ამჟამად ჰამბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის სამართლის ინსტიტუტის პროფესორია; ენ პეტერსი ასევე გერმანიიდან – იგი ამჟამად ბაზელის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის პროფესორია.
ჯგუფის წევრია ასევე პოლკოვნიკი კრისტოფერ ლანგტონი, რომელმაც 32 წლის მანძილზე იმსახურა ბრიტანულ არმიაში. მას აქვს საქართველოში მუშაობის გამოცდილება – ის გაეროს სადამკვირვებლო მისიაში მსახურობდა.
2008 წლის აგვისტოში პოლკოვნიკმა ლანგტონმა გამოაქვეყნა სტატია რუსეთ-საქართველოს ომზე სათაურით ”საქართველოს ოცნება დაიმსხვრა, მაგრამ ამაში მან მხოლოდ საკუთარი თავი უნდა დაადანაშაულოს”, სადაც იგი წერდა: ”ამ დრამის არც ერთ მონაწილეს არ შეუძლია ამტკიცოს, რომ მართალია. საქართველომ არაპროპორციულად და არაშესაბამისად იმოქმედა და ახლა უარეს დღეში იმყოფება, ვიდრე აქამდე იყო… რუსეთმა სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორია დაიპყრო და არაპროპორციული და ზოგ შემთხვევაში განურჩეველი ძალა გამოიყენა – კერძოდ, საჰაერო ძალა”.
აგვისტოს ომის შემდეგ პროფესორმა ლუხტერჰანდტმა ამ ომის თემა საერთაშორისო სამართლის ჭრილში განიხილა. მისი დასკვნები გამოიყენა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტმა ოქტომბერში, როდესაც ასამბლეა რუსეთ-საქართველოს ომის შედეგებზე რეზოლუციას ამზადებდა. გერმანელმა პროფესორმა დაწერა, რომ საქართველომ დაარღვია საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი, როდესაც არაპროპორციული ძალა გამოიყენა და ცხინვალს დაესხა თავს. პროფესორმა ლუხტერჰანდტმა ასევე განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა წარსულში რამოდენიმეჯერ დაარღვია საქართველოს სუვერენიტეტი სამხრეთ ოსეთში, მოსკოვს შეუძლია გაამართლოს თავისი საქციელი საერთაშორისო სამართლით. მისი თქმით, საერთაშორისო სამართლის თანახმად, საქართველოს შეიარაღებული თავდასხმა ცხინვალში მდებარე სამშვიდო ძალების შტაბბინაზე ტოლფასი იყო თავად რუსეთზე თავდასხმისა. მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთს საერთაშორისო სამართლით შეუძლია გაამართლოს სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიების ოკუპაცია, ასევე საჰაერო თავდასხმები საქართველოს სამხედრო ობიექტებზე; თუმცა, არა საქართველოს დასავლეთ ნაწილის ოკუპაცია, რომელიც, მისი თქმით, საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა იყო.
ტალიავინის მოადგილეები არიან გერმანიის ყოფილი ელჩი საქართველოში უვე შრამი და მარიან სტაშევსკი, პოლონელი დიპლომატი, რომელსაც საქართველოში გაეროს სადამკვირვებლო მისიაში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.
მისიის წევრებმა 9 თებერვალს თბილისში რამდენიმე შეხვედრა გამართეს მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრთან გრიგოლ ვაშაძესთან და სახელმწიფო მინისტრთან რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილთან.
”ჩვენ მივიღეთ პირველი ვერსია კითხვარის, რომელიც ამ კომისიას საწყის ეტაპზე გააჩნია. გვქონდა ჩვენი მოსაზრებები რა საკითხები უნდა დამატებოდა ამ კითხვებს და ასევე ჩვენი მხრიდან აღუთქვით სრული მზადყოფნა, რომ საქართველოს ხელისუფლება სრულად ითანამშრომლებს ამ კომისიასთან,” – განაცხადა იაკობაშვილმა შეხვედრის შემდეგ, ”ჩვენ დასამალი არაფერი არ გვაქვს. ჩვენ ჩვენს სიმართლეში ვართ დარწმუნებული”.
მან ასევე განაცხადა, რომ მისია სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთშიც გეგმავს ჩასვლას.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)