ახალი ამბები

ბენდუქიძე თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საუბრობს

კახა ბენდუქიძემ, რომელიც მთავრობის ”ეკონომიკურ იდეოლოგად” მიიჩნეოდა, განაცხადა, რომ არა მხოლოდ ოპოზიციას, არამედ ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელსაც გაუხარდებოდა მისი თანამდებობიდან გათავისუფლება.

მან ასევე განაცხადა, რომ თანამდებობიდან გაშვების მიუხედავად ოპოზიციაში წარსვლას არ აპირებს.

ახალმა პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა 6 თებერვალს, რომ იგი შეცვლის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს კახა ბენდუქიძეს, რომელსაც 2004 წელს ეკონომიკის მინისტრის, ხოლო 2004-2008 წლებში რეფორმების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტები ეკავა. ბენდუქიძე, რომელმაც თავისი ქონება რუსეთში დააგროვა, ხშირად გამხდარა ოპოზიციის და ზოგიერთი ადგილობრივი ეკონომიკური ექსპერტის სამიზნე, რომლებიც მას სხვა ბრალდებებთან ერთად, რუსული ინტერესების ლობირებაშიც სდებდნენ ბრალს.

”დიახ, არსებობენ ადამიანები, რომელთაც მართლა სჯერათ, რომ მე აქ ვზივარ და მორზეს ანბანით რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს რაღაც ინფორმაციას გადავცემ,” – განუცხადა ბენდუქიძემ ტელეკომპანია ”იმედს” 7 თებერვალს.

მან იმ ქართველ ეკონომიკურ ექსპერტებს, რომლებიც მის ეკონომიკურ პოლიტიკას აკრიტიკებდნენ ”იდიოტების ჯგუფი” უწოდა, რომლებსაც გონიათ, რომ ჩემი მისია მთავრობაში იყო რუსული ბერკეტების გაძლიერება.

მან ასევე განაცხადა, რომ არა მხოლოდ ოპოზიციას, არამედ ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელსაც და ხელისუფლებასთან დაახლოებულ რამდენიმე ადამიანსაც უნდოდა მისი მთავრობიდან წასვლა, რადგანაც, მისი თქმით, მისი მთავრობაში ყოფნა ხელს უშლიდა მათ ზოგიერთ გარიგებას.

ბენდუქიძემ განაცხადა, რომ ახლა, როდესაც მას ოფიციალური თანამდებობა არ უკავია, მას მეტი დრო ექნება თბილისში მდებარე მენეჯმენტის ევროპული სკოლისთვის (ESM), რომლის აქციონერიც თავად ბენდუქიძეა. თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ იგი მზადაა მთავრობას კონსულტაცია გაუწიოს საჭიროების შემთხვევაში.

”დღეს საქართველოს ეკონომიკა – როგორც ბევრი სხვა ქვეყნების ეკონომიკები – ბოლო თხუთმეტი წლის მანძილზე ყველაზე უარეს პერიოდს განიცდის,” – განაცხადა მან, ”და ეს სიტუაცია გადაუდებელ ქმედებებს და შეცდომების მინიმალურ რაოდენობას მოითხოვს”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button