ახალი ამბები

ეუთოში საქართველოს ელჩი თანამდებობიდან გადადგა

ეუთოში საქართველო ელჩმა ვიქტორ დოლიძემ 4 თებერვალს თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა და განაცხადა, რომ მისი ამ ნაბიჯის მიზეზებს მომავალ კვირას, თბილისში დაბრუნებისას განმარტავს.

”განცხადება დღეს გავაგზავნე საგარეო საქმეთა მინისტრთან, რათა ეშუამდგომლა საქართველოს პრეზიდენტთან დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე,”- განუცხადა მან სატელეფონო საუბარში ”რუსთავი 2”-ს ვენიდან, ”მომავალ კვირაში ვაპირებ საქართველოში ჩამოსვლას და მალე ავხსნი ჩემი გადადგომის მიზეზს”.

ეს ნაბიჯი მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ქართული პრესა მისი ირაკლი ალასანიას გუნდში გაწევრიანების გეგმებზე წერდა. ალასანია დეკემბერში გადადგა გაეროში საქართველოს ელჩობიდან და ხელისუფლების ოპოზიციაში გადავიდა.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ  მმართველი პარტიიდან აკაკი მინაშვილმა განაცხადა, რომ დოლიძის ეს ნაბიჯი ”არ იყო მიზანშეწონილი”, რადგან ამჟამად ვენაში ”აქტიური მუშაობა მიდის” საქართველოში ეუთოს მისიის განახლებაზე. მისი თქმით, ხელისუფლება ”სწრაფად და ადეკვატურად” იმოქმედებს ახალი ელჩის კანდიდატურის მოსაძებნად.

ვიქტორ დოლიძე საქართველოს ეუთოში 2005 წლის მაისიდან წარმოადგენდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button