
სოხუმში შეუთანხმებლობაა თბილისში აკრედიტირებული ელჩების მიღებაზე
აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენლები ვერ თანხმდებიან იმაზე უნდა მიიღონ თუ არა საქართველოში აკრედიტირებული ელჩები, იტყობინება ”აფსნიპრესი 29 იანვარს.
ამავე ცნობით, საკითხის ირგვლივ აფხაზეთის ხელმძღვანელობაში ”განსხვავებული მოსაზრებებია”. ვიცე-პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი სტანისლავ ლაკობა აცხადებენ, რომ ”არაგონივრულია” სოხუმმა იმ უცხოელ დიპლომატებს უმასპინძლოს, რომელთა ქვეყნებმაც არ აღიარეს აფხაზეთი. დღემდე მხოლოდ რუსეთმა და ნიკარაგუამ ცნეს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა. საქართველომ ორივე მათგანთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.
კვირის დასაწყისში სოხუმში ჩასვლას გეგმავდნენ გერმანიის ელჩი საქართველოში პატრიცია ფლორი და ჩეხეთის ელჩი საქართველოში ივან ჟესტრაბი, თუმცა ეს ვიზიტი ჩაიშალა.
აფხაზეთის ლიდერის წარმომადგენელმა კრისტიან ბჟანიამ განაცხადა, რომ ვიზიტი ”ტექნიკური პრობლემების” გამო არ შედგა, იტყობინება ”აფსნიპრესი”.
ხოლო თბილისში გერმანიის საელჩოს ცნობით, ვიზიტი ცუდი ამინდის გამო ჩაიშალა. ”ელჩი ფლორი მზად არის სოხუმში ვიზიტი მოამზადოს,” – განუცხადა საელჩოს წარმომადგენელმა Civil.Ge-ს; თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ უცნობია როდისთვის დაიგეგმება ეს ვიზიტი.
ბჟანიამ განუცხადა ”აფსნიპრესს”, რომ სერგეი ბაღაფშს სურს მადლობა გადაუხადოს გერმანიის ელჩს მისი როგორც გაეროს მეგობართა ჯგუფის კოორდინატორის როლისთვის რეგიონში მშვიდობის დამყარების საქმეში.
მან ასევე განაცხადა, რომ ბაღაფში დათანხმდა დასავლელი დიპლომატების მიღებაზე, რადგანაც გაეროს მისიის მანდატი ჯერ კიდევ ძალაშია. მისიის მანდატი 15 თებერვალს იწურება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)