ახალი ამბები

რუსული წყაროები: აფხაზეთში შესაძლოა რუსეთის საჰაერო ძალების ბაზაც განთავსდეს

გუდაუთაში შესაძლოა რუსეთის საჰაერო ძალების ბაზა განთავსდეს, სეპარატისტულ აფხაზეთში დაგეგმილი რუსული ბაზების მშენებლობის ფარგლებში, განუცხადა 29 იანვარს ”ინტერფაქსს” სამხედრო-დიპლომატიურმა წყარომ.

ეს ინფორმაცია გავრცელდა მას შემდეგ, რაც სოხუმმა დაადასტურა მოლაპარაკებები რუსეთთან ოჩამჩირეში რუსული სამხედრო გემების ბაზის შექმნის თაობაზე.

”ბომბორას აეროდრომზე [გუდაუთას რაიონში] რუსული საჰაერო დაჯგუფების განთავსების საკითხი განიხილება აფხაზურ მხარესთან კონსულტაციებში, ოჩამჩირეში შავი ზღვრის ფლოტის გემების ბაზის შექმნის პარალელურად,”- იუწყება ”ინტერფაქსი” უცნობ წყაროზე დაყრდნობით.

ამავე ცნობით, რუსეთის სურვილია აფხაზეთში 20 თვითმფრინავი, მათ შორის სუ-27 ტიპის გამანადგურებლები, სუ-25 ტიპის მოიერიშე და სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავები განალაგოს.

იმავდროულად, 28 იანვარს ნატოს წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებმა განიხილეს ინფორმაცია სეპარატისტულ რეგიონში სამხედრო ბაზის შექმნასთან დაკავშირებულ რუსეთის გეგმებზე. ალიანსის გენერალური მდივანი იააპ დე ჰოოპ სხეფერი ამ საკითხს რუსეთის ვიცე-პრემიერთან სერგეი ივანოვთან თებერვალში დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავს, განცხადა ნატოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ.

”ნატოს მოკავშირეებმა ნათლად დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით და ეს ეხება საქართველოს ყველა აღიარებულ საზღვარს,” – იტყობინება ”როიტერი” აპატურაის სიტყვებზე დაყრდნობით, ”ისინი გაეცნენ პრესის ინფორმაციას, რომლის თანახმადაც რუსეთმა შესაძლოა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ბაზები ააშენოს და ამ საკითხს შეშფოთებით ეკიდებიან”. 

 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button