რუსი ჯარისკაცი საქართველოს პრეზიდენტს თავშესაფარს თხოვს – შსს
რუსეთის რეგულარული არმიის ჯარისკაცმა, ალექსანდრე გლუხოვმა ახალგორის რაიონში დისლოცირებული საჯარისო ნაწილი ”გაუსაძლისი პირობების გამო” 26 იანვარს მიატოვა და დახმარებისათვის პოლიციას მიმართა, აცხადებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (შსს).
შსს-მ 27 იანვარს ქართული ტელევიზიების საშუალებით ასევე გაავრცელა ვიდეო-ჩანაწერი, სადაც ჯარისკაცის ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა კაცი, რომელიც ალექსანდრე გლუხოვად არის მოხსენებული, საუბრობს, რომ მის სამხედრო ნაწილში ”არის ცუდი პირობები”.
”ასევე ჩვენთან დგას სამხედრო ტექნიკა – ტანკები, ჯავშანმანქანები, გრადები, რომლებიც მომართულია ქართული სოფლების მხარეს,”- აცხადებს ჯარისკაცი, ”ამიტომ მე ვთხოვ საქართველოს პრეზიდენტს დამტოვოს თბილისში”.
შსს-ს განცხადებით, ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა რუსი ჯარისკაცის რეაბილიტაციის და საქართველოს ტერიტორიაზე მისი დატოვების შესახებ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)