ახალი ამბები

ცხინვალის გაზმომარაგება განახლდა

ცხინვალის გაზმომარაგება, რომელიც აგვისტოს ომის დროს გაზსადენის დაზიანების გამო შეწყდა, განახლდა, განაცხადა სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ 25 იანვარს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმა ამ ფაქტს და 25 იანვარს თავის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ კმაყოფილია იმით, რომ ”თბილისში საღმა აზრმა გაიმარჯვა”.  მოსკოვი თბილისს ”გაზის არაჰუმანურ ბლოკადაში” ადანაშაულებდა. საქართველოს ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ დაზიანებული გაზსადენის შეკეთება მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც უსაფრთხოების გარანტიები გაჩნდა. გაზსადენი სეპარატისტული რეგიონის ადმინისტრაცული საზღვრის მონაკვეთთან იყო დაზიანებული.

ცხინვალის გაზმომარაგების აღდგენას სპეციალურ განცხადებაში ასევე მიესალმა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დორა ბაკოიანისი, რომლის ინიციატივითაც ეუთომ შუამავლის ფუნქცია იტვირთა ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ”ეს წარმოაჩენს  სასიცოცხლო როლს, რომელსაც ეუთო თამაშობს თანამშრომლობის გაძლიერებისა და უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად რეგიონში,”- აცხადებს 25 იანვარს ბაკოიანისი და აქვე დასძენს, რომ ეუთო მიმართავს ძალისხმევას რეგიონის წყალმომარაგებასთან არსებული პრობლემების მოსაგვარებლადაც.

აგარა-ცხინვალის გაზსადენი 16 იანვრისთვის შეკეთდა, 22 იანვარს კი საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ მთავრობამ შესაბამისი ნებართვა მისცა გაზგამანაწილებელ კომპანია ”იტერა-საქართველოს” რეგიონისთვის გაზმომარაგების განახლების თაობაზე. ასეთი ნებართვის საჭიროება გამომდინარეობს საქართველოს კანონიდან ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, რომელიც კრძალავს სეპარატისტულ რეგიონებში ეკონომიკურ საქმიანობას თბილისის სპეციალური თანხმობის გარეშე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button