სააკაშვილი: აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიმართ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი
საქართველო ოპტიმისტურად არის განწყობილი აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ბარაკ ობამას ადმინისტრაციისადმი, განაცხადა დღეს პრეზიდენტმა სააკაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში საუბრისას.
მან ასევე განაცხადა, რომ ”ძალიან თბილი”სატელეფონო საუბარი ჰქონდა აშშ-ის ახლადარჩეულ პრეზიდენტთან და ”უახლოეს ხანებში ვაპირებ ასევე საუბარს”.
”მე ძალიან მომეწონა ობამას სიტყვა [ინაუგურაციაზე] იმიტომ, რომ ობამა თავის პირად საუბრებში ხშირად ადარებს თავის თავს რონალდ რეიგანს და ეს არის ჩემთვის დიდი იმედის მომცემი,”- განაცხადა სააკაშვილმა, ”ჩვენთვის ძლიერი ამერიკა – ეს არის ბუნებრივი მოკავშირე ყველა გარემოებებში”.
პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ამერიკა ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის ბოლო პერიოდში, ევროპისა და რუსეთის მიერ აღიქმებოდა, როგორც ”საკმაოდ სუსტი”.
”რა თქმა უნდა, ბუშის გამოსვლამ ჭკუაზე მოიყვანა თბილისისკენ წამოსული რუსეთი, ამ დასუსტებული ბუშის გამოსვლამაც, მაგრამ ძლიერი ამერიკა ბევრად უფრო ეფექტური პარტნიორია საქართველოსთვის,”- განაცხადა მან.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ 9 იანვარს აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ გაფორმებული ქარტია ”შეთანხმებული იყო ამ ადმინისტრაციის ბევრ პირთან”.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენის წვლილი აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოსთვის 1 მლრდ დოლარის დახმარების გამოყოფის საქმეში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)