სააკაშვილი მრჩეველთა საბჭოს შექმნის ინიციატივით გამოდის
პრეზიდენტი სააკაშვილი 21 იანვარს ქართველ ექსპერტებს შეხვდა და მათ მრჩეველთა საბჭოს მსგავსი ტიპის ორგანოს შექმნა შესთავაზა, რომელთანაც მას ექნება რეგულარული კონსულტაციების გამართვის შესაძლებლობა.
”ბოლო ხანებში ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რათა მსოფლიო კრიზისის დამანგრეველი შედეგები საქართველოს თავიდან ავაცილოთ,” – განაცხადა სააკაშვილმა, ”ჩვენ გვინდა ვიცოდეთ თქვენი აზრი ამ საკითხებთან დაკავშირებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოუსმინოთ იმ ხალხს ვინც ამ თემებზე მუდმივად მუშაობს, მათ პრესისა და ტელევიზიით განიხილავს”.
”ჩვენ უნდა მოვუსმინოთ მათაც, ვინც შესაძლოა არ გვეთანხმებოდეს ან, პირიქით, ვისი აზრიც ჩემთვის არის მიუღებელი. ეს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის მსგავს შეხვედრებს. მაგრამ ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებებისა და პოლიტიკური უთანხმოების მიუხედავად, ყველანი ამ ქვეყნის შვილები ვართ და ყველას ერთი ამოცანა გვაქვს – საქართველო იყოს ძლიერი, ერთიანი, დამოუკიდებელი და ჩვენი ქვეყანა გადავარჩინოთ, მათ შორის, ამ მძიმე ეკონომიკური კრიზისისგან,” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ ის ექსპერტები, რომლებიც ხელისუფლების პოლიტიკას მწვავედ აკრიტიკებენ.
პრეზიდენტი სააკაშვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ შეიქმნას ”გაფართოებული საკოორდინაციო საბჭო”, რომლის შემადგენლობაშიც სწორედ ექსპერტები იქნებიან. ამ საბჭოს მთავარი მიზანია ”ქვეყნის ხელისუფლებას ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში დაეხმაროს”, ნათქვამია პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაში.
პრეზიდენტ სააკაშვილს მრჩეველთა მცირე ჯგუფი ჰყავდა, რომელიც მისი გაპრეზიდენტებიდან მალევე, 2004 წელს შეიქმნა. თუმცა, მოგვიანებით ეს ჯგუფი უფუნქციოდ დარჩა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)