ახალი ამბები

რუსეთი საქართველოს იარაღის ემბარგოს უწესებს

რუსეთი საქართველოსთვის სამხედრო დანიშნულების პროდუქციის მიწოდებასა და მიყიდვაზე 2011 წლის 1 დეკემბრამდე ემბარგოს აწესებს და იმავდროულად, ქვეყნებს, რომლებიც საქართველოსთან ამ სფეროში ითანამშრომლებენ სანქციებით ემუქრება.

ამის შესახებ საუბარია რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის განკარგულებაში, რომელიც კრემლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე 19 იანვარს გამოქვეყნდა. 

მედვედევი მოუწოდებს რუსეთის მთავრობას ”შეზღუდონ ან შეწყვიტონ სამხედრო-ტექნიკური და სამხედრო-ეკონომიკური თანამშრომლობა” იმ ქვეყნებთან, რომლებიც საქართველოს რუსული ან საბჭოთა წარმოების სამხედრო დანიშნულების პროდუქციას მიაწვდიან.   

”უცხოური სახელმწიფოების და (ან) უცხოური ორგანიზაციების და მოქალაქეების, ასევე უცხოურ ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არ მქონე პირების მიერ საქართველოსთვის სამხედრო დანიშნულების პროდუქციის მიწოდების ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში,  რომლებიც გამოიწვევენ მადესტაბილიზირებელ დაგროვებას შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის ან სხვა სახით შეუწყობენ ხელს რეგიონალურ არასტაბილურობას, დაუყოვნებლივ წარედგინოთ წინადადებები მათ მიმართ სპეციალური ეკონომიკური ზომების მიღების თაობაზე,”- ნათქვამია ასევე განკარგულებაში.

განკარგულება ამბობს, რომ რუსეთის აღმასრულებელი ხელისუფლებას, ასევე იურიდიულ და ფიზიკურ პირებს ”2011 წლის 1 დეკემბრამდე ეკრძალებათ მიწოდება, მიყიდვა ან გადაცემა საქართველოსთვის რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან ან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიერ სამხედრო დანიშნულების პროდუქციის, მათ შორის შეიარაღების და სამხედრო ტექნიკის, მათთან დაკავშირებული მატერიალური საშუალებების და ასევე ორმაგი დანიშნულების პროდუქციის, რომელიც შეიძლება იქნას გამოყენებული  სამხედრო მიზნებით, სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის წარმოშობის ადგილის მიუხედავად”.

ამასთან განკარგულება კრძალავს ამ მიზნით რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის გამოყენებას. ასევე იკრძალება ნებისმიერი მომსახურება და კონსულტაცია, რომელიც უკავშირდება სამხედრო ტექნიკის წარმოებას ან ექსპლოატაციას და ასევე სამხედრო სფეროს სპეციალისტების მომზადებას.

პრეზიდენტი მედვედევი ასევე მიუთითებს, რომ განკარგულება მიზნად ისახავს რუსეთის ეროვნული ინტერესების დაცვას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button