ახალი ამბები

ცხინვალი უარყოფს ქართველი პოლიციელისთვის სროლის ფაქტს

სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ უარყო მონაწილეობა 16 იანვარს მომხდარ ინციდენტში, რომლის დროსაც ქართველი პოლიციელი დაიღუპა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქართველი პოლიციელი, სავარაუდოდ, მაყუჩიანი სნაიპერული შაშხანიდან გასროლი ტყვიით იქნა მოკლული. სროლა სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან განხორციელდა. ინციდენტი ადმინისტრაციულ საზღვართან, ქარელის რაიონის სოფელ კნოლევის პოლიციის განყოფილების მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. კნოლევი ცხინვალიდან სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს.

”უახლოესი სამხრეთ ოსური საგუშაგო ოთხ-ხუთ კილომეტრში მდებარეობს სოფლიდან და ამ მანძილზე სროლა შეუძლებელია, თუნდაც სნაიპერული იარაღიდან,” – განაცხადა სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტმა თავის ვებგვერდზე.

ცხინვალში რუსული გარნიზონის ხელმძღვანელმა ანატოლი ტარასოვმა განაცხადა, რომ მას ინციდენტის შესახებ ევროკავშირის დამკვირვებლებმა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აცნობეს.

”ამ ინციდენტთან დაკავშირებით, რუსეთის სამხედრო გარნიზონის სარდლობა მთელ რიგ ღონისძიებებს ახორციელებს, რათა მოხდეს სიტუაციის სტაბილიზაცია,” – განაცხადა მან. ”რუსული სამხედრო კონტინგენტი [ადმინისტრაციული] საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიგზავნა დაძაბულობის შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით”.

ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-მა ინტერვიუ ჩაწერა სოფელ კნოლევის რამდენიმე მკვირდრთან, რომელთაც განაცხადეს, რომ მათ დაინახეს რუსული ვერტმფრენი, რომელმაც ინციდენტის შემდეგ სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე რამოდენიმე ასეული სამხედრო გადმოსხა; მათ ასევე განაცხადეს, რომ მოგვიანებით ვერტმფრენმა უკანვე წაიყვანა რუსი ჯარისკაცები.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ 16 იანვრის ინციდენტი წარმოადგენს ”მიზანმიმართულ პროვოკაციულ აქტს” და რუსეთი, როგორც ოკუპანტი, პასუხისმგებელია ამგვარ ქმედებებზე. სამინისტროს განცხადებით, ამ ინციდენტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმის საჭიროებას, რომ ევროკავშირის დამკვირვებლებს უნდა მიეცეთ საშუალება სეპარატისტული რეგიონის შიგნითაც გააკონტროლონ სიტუაცია.   

საქართველოში ევროკავშირის დამკვირვებელთა მისიამ დაგმო ინციდენტი, როგორც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღევა.

”ძლიერ შეშფოთებულნი ვართ მომხდარი ინციდენტის გამო,” – განაცხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, გენერალმა ჟილ ჟანვიემ. ”ეს თავდასხმა, მაშინ როდესაც პოლიციელი თავის კანონიერ ვალდებულებებს ახორციელებდა, სარკოზი-მედვედევის შეთანხმების სრულიად მიუღებელი დარღვევაა, რომლის მიხედვითაც ყველა მხარე შეიარაღებული დაპირისპირების შეწყვეტას დათანხმდა”.

”ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ინციდენტი სრულად იქნება გამოძიებული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეზე და დამნაშავენი შესაბამისად დაისჯებიან,“ – დასძინა მან.

მოსკოვში 16 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე ამ ინციდენტის კომენტირებისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მას არ აქვს ინფორმაცია ამ კონკრეტული შემთხვევის შესახებ, თუმცა ქართული მხარე დაძაბულობის გაღვივების მიზნით პროპაგანდაში დაადანაშაულა.

”სიტუაციის ნორმალიზების მიზნით საქართველომ უნდა შეასრულოს სარკოზი-მედვედევის გეგმით აღებული ვალდებულებები და არ უნდა დაუშვას მისი ძალების ყოფნა მათი დისლოკაციის ადგილების მიღმა,” – განაცხადა ლავროვმა.  

 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button