ახალი ამბები

ახალი ანტიკორუფციული საბჭო შეიქმნა

ხელისუფლებაში ახალი ანტიკორუფციული საბჭო შეიქმნა, რომელიც იმუშავებს უკვე არსებული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განახლებაზე.

საბჭოს სათავეში ჩაუდგება იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, ხოლო მის შემადგენლობაში შევლენ კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი; მთავრობის კანცელარიის უფროსი კახა ბენდუქიძე; პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ვახტანგ ლეჟავა, ცალკეული მინისტრების მოადგილეები და პარლამენტარები.

”ახალი კომისია შეეცდება, რომ განაახლოს ანტიკორუფციული სტრატეგია, რომელმაც თავისი ვალი შეასრულა, მაგრამ საჭიროებს ახალ იმპულსებს და მეორეს მხრივ, მოახდინოს განხორციელება იმ რეკომენდაციებისა, რომლებიც იქნება როგორც სამოქალაქო საზოგადოების, ისე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან,”- განაცხადა ვახტანგ ლეჟავამ 7 იანვარს.

ხელისუფლებამ ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა 2005 წელს შეიმუშავა. კახა ბენდუქიძე, რომელიც მაშინ რეფორმების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი იყო, კურირებდა ამ გეგმის განხორციელების პროცესს. მას შემდეგ მთელი რიგი რეფორმები გატარდა, მათ შორის ლიცენზიების, ნებართვების გაცემის გამარტივებისა და ბიუროკრატული ბარიერების შემცირების კუთხით. პარტიების ბიუჯეტიდან დაფინანსების საკითხი ასევე ამ გეგმის შემადგენელი ნაწილი იყო.

Transparency International-მა 2003 წელს საქართველოს 133 ქვეყანას შორის 127 ადგილი მიანიჭა კორუფციის გამოვლენის ინდექსის (CPI) რეიტინგში. 2007 წელს საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია გამოვიდა რა იმ ქვეყნების სიიდან, სადაც კორუფცია უპირველესი და დაუძლეველი პრობლემაა და რეიტინგში 180 ქვეყანას შორის 79-ე ადგილი დაიკავა. 2008 წელს კორუფციის გამოვლენის ინდექსი საქართველომ კიდევ უფრო გააუმჯობესა რეიტინგში 67-ე ადგილზე გადასვლით.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 11 დეკემბერს განაცხადა, რომ მთავრობამ უარი უნდა თქვას ზედმეტ ბიუროკრატიულ ხარჯებზე და არ დაუშვას კორუფციის ხელახლა გაჩენა. მისი თქმით, ბოლო წლების მთავარი მიღწევაა კორუფციის თითქმის სრულად აღმოფხვრა, თუმცა ”კორუფცია მაინც რჩება”.

სახალხო დამცველი სოზარ სუბარი შარშან იანვარში თავის საჯარო წერილში მიხეილ სააკაშვილისადმი წერდა, რომ ხელისუფლებამ შეძლო ფართოდ გავრცელებული კორუფციის აღმოფხვრა, მაგრამ ”ძალიან ცუდია, რომ ჩამოყალიბდა ნეოკორუფცია, ”ელიტარული” კორუფცია”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button