ახალი ამბები

მთავრობის ცნობით, მგალობლიშვილი სამედიცინო გამოკვლევისთვის გერმანიაშია

ქართველი ექიმების რეკომენდაციით საქართველოს პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი გერმანიაში გაემგზავრა, სადაც მას ჩაუტარდება კომპლექსური სამედიცინო გამოკვლევა, ნათქვამია მთავრობის მიერ 31 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

”აღნიშნული გამოკვლევა მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც საერთო გადაღლილობის ფონზე, პრემიერ-მინისტრს გამოეკვეთა მკვეთრი რენალური [თირკმლის] გართულებები. საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამედიცინო შემოწმების შემდეგ, სავარაუდოდ რამდენიმე დღეში, სამშობლოში დაბრუნდება და ჩვეულ რითმში გააგრძელებს მუშაობას,”  – ნათქვამია განცხადებაში.

იქვე აღნიშნულია რომ ექიმებმა მას რამოდენიმე კვირის წინ ურჩიეს წასულიყო გამოკვლევის ჩასატარებლად, ”თუმცა, პრემიერ-მინისტრმა ჩათვალა, რომ უპრიანი იქნებოდა ეს დაემთხვია ახალი წლის სადღესასწაულო პერიოდს, რათა შედარებით ნაკლები სამუშაო დღეები გაეცდინა.”

გასულ კვირას გაზეთმა ”ალიამ” გამოაქვეყნა სტატია სადაც, ანონიმურ წყაროზე დაყდრნობით, წერდა, რომ პრემიერ მგალობლიშვილსა და პრეზიდენტ სააკაშვილს შორის ინციდენტი მოხდა, რომლის დროსაც, პრეზიდენტმა თითქოს ხელი გაარტყა პრემიერს და მობილური ტელეფონი ესროლა. ამის შემდეგ, იმავე გაზეთის ცნობით, მგალობლიშვილმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა, თუმცა პრეზიდენტმა ის არ დააკმაყოფილა. ხელისუფლების პრესსამსახურებში ამ სტატიას არასერიოზული უწოდეს და განაცხადეს რომ არც კი ღირდა მასზე კომენტარის გაკეთება.

29 დეკემბერს, მთავრობის სხდომაზე, რომელიც ტელევიზიებით პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა შეაქო მთავრობა, განსაკუთრებით კი მგალობლიშვილი, ბევრი მუშაობისთვის და განაცხადა: ”მგალობლიშვილი სამსახურში დილის 8 საათზე მოდის და ღამის 3 საათზე მიდის… აქამდე მეგონა, რომ ყველაზე დიდი სამუშაო საათები მე მქონდა, მე მესმის გეგასი და მესმის თითოეული ჩვენგანის”.

”ნუ იმუშავებთ ღამის 1 საათის შემდეგ, ყველას აქვს უფლება 8-საათიან ძილზე,” – მიმართა სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button