skip to content
ახალი ამბები

ევროკავშირის მონიტორინგის მისია პოლიციის ჯავშანმანქანების განთავსების გამო შეშფოთებულია

”კობრას” ტიპის დაჯავშნული მანქანები მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაციის ცერემონიალზე თბილისში, 20 იანვარი, 2008. ფოტო: ინტერპრესნესი

საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ განაცხადა, რომ ის შეშფოთებულია სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად ქართული პოლიციის, ”კობრას” ტიპის მსუბუქი დაჯავშნული ავტომანქანების განთავსებასთან დაკავშირებით.

ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელმა ჰანსიორგ ჰაბერმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ დაჯავშნული მანქანების განთავსება სეპარატისტული რეგიონების მიმდებარე ტერიტორიებზე „არ არღვევს 12 აგვისტოს 6 პუნქტიანი შეთანხმების და 8 სექტემბრის განხორციელების ზომების შესახებ ხელშეკრულების შესაბამის დებულებებს,” ეს ქმედება ეწინააღმდეგება ევროკავშირის დამკვირვებლების რჩევას.

”ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გამუდმებით იძლეოდა რჩევას არ მომხდარიყო ამ სამხედრო ტიპის ავტომანქანების განთავსება, რადგან მისიას მტკიცედ სწამს, რომ ეს ხელს არ შეუწყობს ადგილზე უსაფრთხოების გაუმჯობესებას,” – განაცხადა ჰაბერმა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თურქული წარმოების მსუბუქი დაჯავშნული ავტომანქანები ”კობრა” 24 დეკემბერს განათავსა სეპარატისტული რეგიონების მიმდებარე ტერიტორიებზე საპატრულოდ.

ქართულმა მხარემ ნოემბერში აცნობა საერთაშორისო დამკვირვებლებს, მათ შორის ეუთოს დამკვირვებლებს, ამ განზრახვის თაობაზე. 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასევე აცნობა საერთაშორისო დამკვირვებლებს, რომ მანქანებზე არ მოხდებოდა მძიმე შეიარაღების განთავსება.

ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ ქართული მხარის სურვილი გააუმჯობესოს საკუთარი პოლიციელების უსაფრთხოება სავსებით გასაგებია, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ აგვისტოში სამხედრო დაპირისპირების შემდეგ, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად ათი ქართველი  პოლიციელი იქნა მოკლული.

მაგრამ ჰაბერმა იქვე დასძინა, რომ ”პოლიციელების მკვლელობის ვერც ერთი ეს შემთხვევა ვერ იქნებოდა აღკვეთილი დაჯავშნული სატრანსპორტო საშუალების მეშვეობით.”

მანასევე აღნიშნა, რომ ”ადმინისტრაციული საზღვრის უშუალო სიახლოვეს დაუცველობის განცდა ჭარბობს”.

”მაგრამ მთლიანობაში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აქამდე არსებულ უსაფრთხოების მდგომარეობას მოსალოდნელზე უფრო დადებითად აფასებს,” – განაგრძო ჰაბერმა. ”ქართველი სამართალდამცავების მიერ გამოჩენილმა თავშეკავებულობამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ამ დონის უსაფრთხოების შენარჩუნებაში”.

”კობრას” ტიპის მანქანები აგვისტოს ომის დროს იქნა გამოყენებული ქათული მხარის მიერ. საომარი მოქმედებების დროს სამხრეთ ოსურმა ან რუსულმა ძალებმა სულ ცოტა ერთი ამ ტიპის მანქანა ჩაიგდეს ხელში. ცხინვალში 20 სექტემბერს გამართულ აღლუმზე ეს მანქანაც გამოიყვანეს საჩვენებლად.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button