skip to content
ახალი ამბები

რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელი: ომის დროს 162 ოსი დაიღუპა

რუსეთის პროკურატუტასთან არსებული საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრე ბასტრიკინმა განაცხადა, რომ კომიტეტმა შეაგროვა სრული მონაცემები სამხრეთ ოსეთში მცხოვრები 162 ადამიანის შესახებ, რომლებიც აგვისტოს ომის დროს დაიღუპნენ,  იტყობინებიან რუსული სააგენტოები.

ომის დაწყებიდან ცოტა ხნის შემდეგ რუსეთის და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაიწყეს ბრალდებების წამოყენება, რომ საქართველომ ოსების გენოციდი განახორციელა, რადგანაც რეგიონზე თავდასხმის დროს 1,500-2,000 სამოქალაქო პირი დაიღუპა. საქართველომ ამ ბრალდებას საბჭოური პროპაგანდა უწოდა რუსეთის მიერ სუვერენულ სახელმწიფოში შეჭრის გასამართლებლად.

23 დეკემბერს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას ალექსანდრე ბასტრიკინმა განაცხადა, რომ რაოდენობა არ არის მნიშვნელოვანი. ”მნიშვნელოვანი ის არის, რომ საქართველოს ეს ქმედება წინასწარ იყო დაგეგმილი, რაც იმის საფუძველს გვაძლევს, რომ მომავალში საქართველოს სამხედრო ხელმძღვანელობის და ქართული არმიის ამგვარ ქმედებებს აგრესიის შეფასება მივცეთ, რომელიც მიმართული იყო სამხრეთ ოსეთის ხალხის, როგორც ეთნიკური ჯგუფის განადგურებისკენ,” – განაცხადა ბასტრიკინმა.

მან ასევე განაცხადა, რომ ომის ”მსხვერპლად” ითვლება სამხრეთ ოსეთის 5,000-ზე მეტი მკვიდრი.

ბასტრიკინმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს მიერ სამხრეთ ოსეთში განხორციელებული აგრესიის, როგორც ამას რუსეთი სწოდებს, გამოძიება 2009 წლის აპრილამდე გაგრძელდება.

მან ასევე აღნიშნა, რომ გამოძიებამ დაადგინა, რომ აგვისტოს ომის დროს ქართულ მხარეზე იბრძოდნენ დაქირავებული მებრძოლები აშშ-დან, უკრაინიდან, ჩეხეთის რესპუბლიკიდან და თურქეთიდან.         

 

 

This post is also available in: English Русский

Back to top button